26 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - თურქეთის პარლამენტის სპიკერი

ირლანდიაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. თურქეთის პარლამენტის სპიკერმა, ნუმან ქურთულმუშმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მისივე თქმით, თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომელიც იმ გავლენას ეხებოდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენს რეგიონზე მოახდინა. ამ ვითარებაში ჩვენი საერთო სურვილი იმაშია, რომ რეგიონში მშვიდობა აღდგეს. თურქეთის პოზიცია ძალიან ნათელია - ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გვსურს ომი დაუყოვნებლივ დასრულდეს. თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა​ და ამას კიდევ უფრო მეტად ვაძლიერებთ. ჩემს ქართველ კოლეგასთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა მქონდა. ჩვენ აღვნიშნეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობა. ჩვენი სურვილია გავაუმჯობესოთ ჩვენი მეგობრობა ქართველ ხალხთან,"- აცხადებს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუში.

შალვა პაპუაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მას დღესვე ექნება აუდიენცია ირლანდიის ზედა პარლამენტის თავმჯდომარესთან. პარლამენტის სპიკერმა მანამდე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში, სადაც ის სიტყვით ორჯერ გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და დემოკრატიის გამოწვევებზე.

შედგა ორმხრივი შეხვედრებიც, შალვა პაპუაშვილი უკვე ესაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. შეხვედრა გაიმართა ირლანდიის, იტალიის, ფინეთის, ავსტრიის და ესტონეთის სპიკერებთანაც - საუბრის მთავარი თემა, ევროინტეგრაცია და ის ნაბიჯები იყო, რაც ქვეყანამ სტატუსის მოსაპოვებლად გადადგა.

დღის ამბები