საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ეს ტიტული ჩვენს ქვეყანას ქალაქ რიადში გადმოეცა, სადაც 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ფორუმზე გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ.
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო სესიასა და ორმხრივ შეხვედრებში. მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კულტურული აქტივობები 2024 წელს საქართველოში გაიმართება, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან 3 ათასამდე ლიდერი დაესწრება.