26 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
რთველის პროცესი კახეთში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - საკოორდინაციო შტაბის მუშაობას პრემიერი ადგილზე გაეცნო

დღეს პრემიერი-მინისტრი კახეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო რთველის მიმდინარეობას და მოსავლის აღების პროცესს. ირაკლი ღარიბაშვილი საკოორდინაციო შტაბში მივიდა, სადაც ყურძნის აღრიცხვა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმდინარეობს. მთავრობის მეთაური, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების მართვას და უშუალოდ მოსავლის ჩაბარების პროცესს, სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორებზე ადევნებდა თვალს. ადგილზე მუდმივად შტაბის 20 წევრი იმყოფება, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.

პრემიერ-მინისტრმა თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ყურძნის ჩაბარების ორგანიზებულ პროცესზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება 10 წლის წინანდელ პერიოდს შეადარა და კონკრეტული შედეგებიც წარადგინა.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 450 ღვინის კომპანია. 300-ზე მეტი უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში. მათ შორისაა კომპანია "ბადაგონი". პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქარხანაში იმყოფებოდა. საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო და ღვინოც დააგემოვნა.

პრემიერ-მინისტრი დღის ბოლოს ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის მონასტერშიც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. სასულიერო პირმა პრემიერ-მინისტრი დალოცა, დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ტაძარიც მოილოცა, სადაც დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული.

 

დღის ამბები