26 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
არეულობის გეგმა, რომელიც რეალურია - პრემიერ-მინისტრის პირველი შეფასება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ძალადობისა და დესტაბილიზაციის გეგმის შესახებ

არეულობის გეგმა, რომელიც რეალურია - ასეთია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეფასება. საუბარია ძალადობრივი გადატრიალების მომზადებაზე, რომლის უკანაც, უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი და უკრაინის მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან. დეკემბერი და კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიაში მსჯელობა დესტაბილიზაციის მოწყობის დროდ და მოტივად განიხილება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული სპეცსამსახურები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ლობისტების მოქმედებას აქტიურად აკვირდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში, არეულობის მსურველებს მკაცრ სამართლებრივ პასუხს ჰპირდება.

ძალადობრივი გადატრიალების გეგმას "ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ უარყოფენ. ამბობენ, რომ ეს საკითხი მთავარი პოლიტიკური თემების გადასაფარად წამოიჭრა. თუმცა, გია ლორთქიფანიძის პერსონაზე საუბარი კვლავ არ სურთ და კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში, არც აქციებს გამორიცხავენ. პარტნიორების პოზიციას იზიარებს "სტრატეგია აღმაშენებელიც".

საფრთხეები და გამოწვევები რომ რეალურია, ამას არც მმართველ გუნდში უარყოფენ. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და მათი ლობისტების მიზანი, ქვეყანაში 90-იანი წლების რეალობის დაბრუნებასაც კი დასაშვებად მიიჩნევს. კანონმდებლები სპეცსამსახურებს პრევენციისთვის ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

სუს-ის მასალებზე პასუხებისგან თავშეკავების პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი სამხედრო დეოკუპაციის შესაძლებლობაზე კვლავ აქტიურად საუბრობს. გუბაზ სანიკიძის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მხარდამჭერი პოლიტიკოსი, საქართველოს აზერბაიჯან-სომხეთის ომისგან მაგალითის აღებისკენ მოუწოდებს.

მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მისწრაფებასთან ერთად კვლავ აქტუალურია - ასეთია "ქართული ოცნების" პასუხი ოპოზიციის მიმართ. "ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის მსურველები თემის აქტუალიზებას მეორე რანგის პოლიტიკოსების მეშვეობითაც ცდილობენ. პოლიტიკოსების თქმით, ეს გარემოებები ქართულ საზოგადოებას და სპეცსამსახურებს განსაკუთრებული ყურადღებით მოქმედების აუცილებლობას უჩენს.

დესტაბილიზაციის გეგმაზე ინფორმაცია სუს-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. სპეცსამსახურმა გამოძიების ფარგლებში არსებული ინფორმაცია გაასაჯაროვა და თქვა, რომ დივერსიული ჯგუფების გადამზადება არეულობისთვის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ხდება.

დღის ამბები