26 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი ჩარტერულ რეისზე - ვინ ხარჯავდა ბიუჯეტის ფულს პირადი ინტერესებისთვის

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდა. ამერიკაში გამგზავრების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ხარჯი ოჯახის წევრს მიზანმიმართულად, კონტრასტის საჩვენებლად გადაახდევინა. კონტრასტი კი, მისი განმარტებით, ძალიან დიდია. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჯარისთვის განკუთვნილი 14 მილიონი პირადი ინტერესებისთვის გახარჯა.

პაბლო ესკობარის საფლავის მონახულება - კოლუმბია; პერუ და ქალაქები: ლიმა და კუსკო; სენ-ტროპე - კორსიკა; სინგაპური, ტაილანდი - ეს იმ ტურისტული მარშრუტების არასრული ჩამონათვალია, სადაც მიხეილ სააკაშვილი 2010-2012 წლებში იმყოფებოდა. ირკვევა, რომ სააკაშვილმა ამ პერიოდში წელიწადში 100 ფრენა განახორციელა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 14 მილიონი ლარი დაუჯდა.

თავდაცვის სამინისტროსა და საავიაციო კომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" შორის წლების წინ საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა. თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება. ირკვევა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ თანხას პირად ვოიაჟებში თანმხლებ პირებთან ერთად ხარჯავდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ თემაზე საუბრის ნაცვლად დღეს ყურადღება იმ კორუფციულ სქემაზე გაამახვილეს, რასაც მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების განცხადებით, დღეს სისტემური ხასიათი აქვს.

პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ მგზავრობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა, ნაკლებად სარწმუნოა ოპოზიციისთვის. მმართველი პარტიის ოპონენტებს კითხვები აქვთ.

თავდაცვის სამინისტროს "ჯორჯიან ეარვეისთან" 24 მილიონიანი გასაიდუმლოებული ხელშეკრულება რომ ჰქონდა გაფორმებული, ეს ფაქტი თავად კომპანიის დირექტორმაც დაადასტურა. ამ მოცემულობაში მმართველ გუნდში იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობენ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ძალადობრივი და კორუფციული სისტემის შემქმნელი "ნაციონალური მოძრაობაა".

პრემიერ-მინისტრმა დღეს იმ მიზეზზეც ისაუბრა, რის გამოც ის აშშ-ში ჩაფრინდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ძალიან მოხარულია, რომ მისი შვილი სწავლას ამერიკაში გააგრძელებს. პრემიერმა ახსენა ის სტუდენტებიც, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებენ.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და ახლა სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს. გახდება თუ არა მისთვის ახალი ბრალის წარდგენის საფუძველი თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულება, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები