26 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანდიდატის სტატუსის მიღებაში მხარდაჭერის მოსაპოვებლად დუბლინში ჩავიდა - შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები

რუმინეთის შემდეგ ირლანდია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ამჯერად დუბლინში ჩავიდა.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული საპარლამენტო დელეგაცია, რომელშიც მხოლოდ მმართველი გუნდის წევრები არიან, უკვე შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. საუბრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იყო, თუმცა ილაპარაკეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. პაპუაშვილმა არჩევნებზე დეზინფორმაციის თავიდან ასარიდებლად, საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა საქართველოში რაც შეიძლება მეტი ობიექტური დამკვირვებელი გამოაგზავნოს.

შედგა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის სპიკერებთან. შალვა პაპუაშვილი შედეგით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ევროპელმა პარლამენტარებმა ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს პროგრესი დაადასტურეს. ამავე შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერმა კოლეგებს ხაზგასმით უთხრა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ცოტა ხნის წინ კი, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეებს, კონფერენციის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები და ეროვნული პარლამენტების როლია ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემდე, ტრიბუნაზე უკრაინის რადას სპიკერი იდგა, რომელმაც რუსეთის აგრესიაზე საუბრისას საქართველოც ახსენა და განაცხადა, რომ ევროპამ წლების წინ წაუყრუა რუსეთის აგრესიას საქართველოსა და მოლდოვაში, შედეგად კი ის მოხდა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინა განგაშის სიგნალმა გააღვიძა.

"პატივია ვისაუბრო იმ სახელმწიფოების პარლამენტის წარმომადგენლების წინაშე, რომლებმაც საკუთარ ღირებულებად აირჩიეს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია. ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში ომი შემოიჭრა, ეს ომი არ დაწყებულა გასული წლის, 24 თებერვლის ფართომასშტაბიანი აგრესიით, არც 2014 წელს დაწყებულა რუსეთის მიერ დონბასისა და ყირიმის ოკუპაციით. გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო. გავაანალიზოთ ყველა ის კონფრონტაცია თუ პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. შევხედოთ თითქმის 10 წლიან ომს უკრაინაში. ამ ბოროტებას ყველგან ერთი ბუნება აქვს და ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს - კრემლის რეჟიმის პათოლოგიურ და მტკივნეულ სურვილს აღადგინოს ყოფილი იმპერია ნებისმიერ ფასად. სხვა სიტყვებიც შეგვიძლია ამას დავარქვათ - რუსული სამყარო, საბაჟო კავშირი, ევრაზიული გაერთიანება, მაგრამ არსი იგივე რჩება, ეს იმპერიალისტური დიქტატურაა, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო ტერორის, შოვინიზმისა და ზოგადად მიღებული ღირებულებების უპატივცემულობის ყველაზე საშინელი პრაქტიკა. დემოკრატიული სამყარო წლების განმავლობაში ხუჭავდა თვალს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, ამ ყველაფერმა კი დღევანდელ რეალობამდე მიგვიყვანა - მეგობრებო, ეს შეცდომა იყო.

როდესაც 24 თებერვალს უკრაინაში სარაკეტო იერიშების ხმაზე გაგვეღვიძა, ევროპამ გაიღვიძა ამ შეცდომის გააზრებით. მიუხედავად ჩვენი თავისუფლებისთვის გადახდილი საშინელი ფასისა, მიხარია, რომ თავისუფალი სამყარო როგორც იქნა გამოფხიზლდა და ვიმედოვნებ, აღარასოდეს მიეცემა ძილს," - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა.

დღის ამბები