26 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტები გრძელდება - მმართველი გუნდის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საზიანო ვიზიტებს ახორციელებს

პოლონეთი, ბელგია, დანია და ჩეხეთი - ასეთია სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვიზიტების მარშრუტი, რომელსაც ნებართვა ისევ არ აქვს - რატომ არ აძლევს პრეზიდენტს მთავრობა თანხმობას? - პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

პრემიერმა პრეზიდენტი საბოტაჟში დაადანაშაულა და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება.

პრეზიდენტის შეხვედრები რომ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამტკიცებს საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელიც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამას სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთში გამართული შეხვედრები და საჯარო განცხადებებიც ადასტურებს.

სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში პრობლემას ვერ ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განსხვავებულად უყურებს.

სანქციებს გვერდს საქართველო არ უვლის, რასაც პარტნიორებიც ადასტურებენ - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების შემდეგ, ამ საკითხის გააქტიურება "ქართულ ოცნებას" არწმუნებს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის რეალური მიზანი სულაც არ რის ევროინტეგრაციისთვის პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერება.

სალომე ზურაბიშვილის შეუთანხმებელი ვიზიტების გამო, მისი იმპიჩმენტის პროცესი უკვე დაწყებულია. პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლო 3 ოქტომბერს იმსჯელებს.

დღის ამბები