26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარა მევენახეებს, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ დახმარებებს, იქნება ეს სუბსიდირება და სხვა პროგრამები - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა განცხადებები კახეთში გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შტაბის წევრებისგან მოისმინა.

პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობა მევენახეებს ეხმარება და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, რეგიონში უკვე 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, პროცესში კი 300 კომპანიაა ჩართული. პრემიერი ამბობს, რომ კმაყოფილია შტაბის მუშაობით.

"გავეცანი შტაბის მუშაობას, რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, მოსავლის აღებისა და ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგადაა ორგანიზებული. შტაბი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 170 000 ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა უკვე. ასევე, 300-მდე კომპანიაა ჩართული ამ პროცესში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი შტაბის მუშაობით. ისინი ლაივ რეჟიმში აკონტროლებენ ქარხნებში მიმდინარე ყველა პროცესს, მიღებას, ჩაბარებას და ა.შ. მთელს პროცესს აკვირდებიან და აკონტროლებენ. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მის გუნდს, შტაბს, მთლიანად ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული.

ბოლო წლებში იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარა და ეხმარება მევენახეებს, მევენახეობა არის სტრატეგიული დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ, ასე რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ამიტომაც გვაქვს ამ დარგის მიმართ. შედარებისთვის მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ 2012 წელს 25 000 ჰექტარი იყო ქვეყანაში, დღეს არის 50 000 ჰექტარი უკვე, რაც ძალიან დიდი პროგრესია, ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ჩვენი პროგრამების, დახმარებების შედეგი. ასევე, გეტყვით რომ თუ, მაგალითისთვის, 2012 წელს 20 მილიონი ლიტრი ღვინო იყო ექსპორტზე გატანილი, შარშან რეკორდული, 100 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო გაიყიდა. შარშან, ჯამურად, 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ. ეს გადანაწილდა ამ ოჯახებში, ამ რეგიონში და არამარტო ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონშიც, სადაც არის მეღვინეობა განვითარებული. 450 კომპანიაა, ადრე იყო რამდენიმე ათეული კომპანია და საერთოდ არავითარი დახმარება არ ეძლეოდა მევენახეებს და მეღვინეებს, ზოგადად ამ დარგს. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ დახმარებებს, იქნება ეს სუბსიდირება და სხვა პროგრამები და ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობა კმაყოფილი იქნება,"- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები