ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურას სპეციალური ჯილდო გადაეცა. ირაკლი შოთაძე ასოციაციის საპატიო წევრად ერთხმად აირჩიეს. გენერალურ პროკურორს ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი ასოციაციის მიზნების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 28-ე წლიური კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა "დანაშაულის ცვალებადი ბუნება 21-ე საუკუნეში: გამოწვევები და პასუხები."
"საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონი ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან რეფორმებსა და განვითარებას ჰქონდა ადგილი, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პროკურატურის დამოუკიდებლობის, სიმძლავრისა და გამჭვირვალობის გაზრდა, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ასევე ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს ლიდერობას. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია ამაყობს ასოციაციასა და გენერალურ პროკურატურას შორის საერთო ღირებულებებით, რისი შედეგიცაა ამ ორ ორგანიზაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და გაზრდილი აქცენტი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სტანდარტებში გაწერილი პრინციპების განხორციელებაზე. გასულ წელს, 27-ე წლიური კონფერენცია თბილისში გაიმართა და ყველამ გამოცადა საკუთარ თავზე მასპინძლის სტუმართმოყვარეობა, მონდომება და ღონისძიების არაჩვეულებრივი ორგანიზება, უდავოდ დიდი შვება იყო, რომ IAP დაუბრუნდა თავისი ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზებას,"- განაცხადა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰან ჰენდრიკ მორაალიმ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჯილდოს მიღებაში შეტანილი წვლილისთვის პროკურატურის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
"ამ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა დაჯილდოვდა 2022 წელს თბილისში, 27-ე რიგითი ყოველწლიური კონფერენციის გამართვისთვის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც დიდი წვლილი გასწიეს იმისთვის, რომ ეს კონფერენცია თბილისში ყოფილიყო წარმატებული, მადლობა გადავუხადო და სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა ის ჯილდო, რომელიც საქართველოს პროკურატურამ ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის და უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის მიიღო,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.