26 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
თუ ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს, ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, თუ დაუწესებენ სანქციას, უნდა გვითხრან მტკიცებულება - მამუკა მდინარაძე

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორების მიმართ დიდი პატივისცემისა, მათ უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ასანქცირებენ და თან ამ საქმის გამოძიებას ითხოვენ.

მამუკა მდინარაძემ ეს განცხადება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გააკეთა,  რომელსაც აშშ-მ ფინანსური სანქციები დაუწესა.

"ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების მიმართ ჩვენი ქვეყანა მადლიერებითაა განწყობილი, ბევრი პროგრამა და უამრავი რამ გაუკეთებიათ სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ ამასობაში, ჩვენ უნდა შეგვწევდეს ძალა, უნდა გავბედოთ ერთხელ და სამუდამოდ, თუ ქვეყანა გვქვია და თუ ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს, ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა მიგაჩნდეს, რომ ქვეყნის შიგნით გააშავა "მთავარმა არხმა", "ტვ პირველმა" და ა.შ. იმას რომ დაუწესებენ სანქციას, უნდა გვითხრან მტკიცებულება. ერთი მტკიცებულება შემახსენეთ, ხომ ვერ შემახსენებთ? არ არსებობს. უნდა გვითხრან რაღაცა, რომ აი ეს მტკიცებულება გვაქვს. ონიშენკო ახსენეს და რა? მტკიცებულება რა არის.

გიგა ბოკერია აბსურდზე რომ ლაპარაკობს მტკიცებულებების კონტექსტში, არის 100%-იანი, მათთვის აბსურდია მტკიცებულებები, ბოკერიასთვის და ამ ჯგუფისთვის მთლიანად. რას ჰქვია აბსურდია? მტკიცებულებებს არ გაგიმხელთ და დაიჭირეო? ეს რა ლოგიკაა. ჩვენც კი ვაშავებთ, უტრირებულად რომ ვთქვათ, რომ სერიოზულად ვმსჯელობთ ამ თემაზე, რომ არ გაუმხელს მტკიცებულებებს, თან გვაწვებიან იმაზე, რომ გაასამართლეთ ეს კაცი, გამოიძიეთ, გაასამართლეთ და მტკიცებულებებს არ მოგცემთო. ანუ, მე ვიცი რაღაც, რასაც შენ არ გეტყვი და როგორც გინდა, ისე გამოიძიე შენ, დაუმტკიცე და თან გაასამართლე. ეს ლოგიკა სწორია? ამას არაფერი არ ჰქვია, ამას შეფასებაც აღარ სჭირდება, უბრალოდ უნდა მოუყვე საზოგადოებას, რომ ნახეთ რას გვეუბნება ბოკერიას ლოგიკა, რომლითაც ამ დღეებში საზრდოობენ ჩვენი ოპონენტები?!,"- აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები