26 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
30 წელი სოხუმის დაცემიდან - გმირთა მოედანზე შეკრებილთა ისტორიები ერთმანეთზე მძიმეა

უსაფლავო შვილის დედა 30 წელია სოხუმის დაცემის დღეს გმირთა დაფასთან მიდის, რომელიც მისი ვაჟის - ნუკრი დოლიაშვილის სახელსა და გვარს ინახავს. დოლიაშვილი გაგრაში, სამ მეგობართან ერთად მოკლეს.

გმირთა მოედანზე შეკრებილთა ისტორიები ერთმანეთზე მძიმეა. მზია გოროზიას, მეუღლე აფხაზეთში, შვილი კი აგვისტოს ომში დაეღუპა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მამა-შვილის ცხედრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩა.

გმირთა მემორიალთან დილიდან მივიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე დრამატულმა მოვლენამ - აფხაზეთის ომმა, რომელიც სოხუმის დაცემით დასრულდა, მძიმე კვალი დააჩნია საქართველოს, ეთნიკურმა წმენდამ კი ტრაგიკულად შეიწირა მრავალი მოქალაქე და ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია. პრემიერის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. პრემიერთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც.

გმირთა მოედანზე მივიდნენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიაგეს.

გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 30 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს მმართველი გუნდის წევრებმა, დედაქალაქის მერმა, აფხაზეთის მთავრობამ და ვეტერანებმა.

აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მთელს საქართველოში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

 

 

დღის ამბები