26 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ახლა ევროკავშირისთვის არის ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გაიაზროს თავისი სტრატეგიული როლი - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ორი დღეა ბუქარესტში შეხვედრებს რუმინეთის პირველ პირებთან მართავს. შავი ზღვა, როგორც ხიდი ევროპასთან და არა როგორც საზღვარი. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ. ეს ხიდი კი უკვე გადებულია რუმინეთთან, რომელიც საქართველოს ყველა მნიშვნელოვან მომენტში უჭერს მხარს და ახლაც მზად არის დაეხმაროს თბილისს სხვა ქვეყნების დარწმუნებაში. ამჯერად საქართველო ბუქარესტიდან კანდიდატის სტატუსს ითხოვს. თბილისი ყველა პარტნიორს არწმუნებს რომ არ შეიძლება ასოცირებული ტრიოს დაშლა და უკრაინისა და მოლოდოვასგან საქართველოს განცალკევება. დღესაც ყველა ტრიბუნა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის იყო გამოყენებული.

"უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ახლა ევროკავშირისთვის არის ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გაიაზროს თავისი სტრატეგიული როლი", -ამის შესა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

2 დღის განმავლობაში პაპუაშვილი შეხვდა როგორც საკანონმდებლო,ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას შედეგი კი ასეთია - რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის ქვეყანას პრაქტიკულადაც დაეხმაროს.

"საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს და ქართველი ხალხის ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, ყოველთვის მზადაა, წვლილი შეიტანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში რუსეთიდან საპასუხო ქმედებების რეალური საფრთხის მიუხედავად.
პაპუაშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია NATO-ში გაწევრიანების გზაზე და ბევრი კუთხით, უკვე ისე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა.

„უკვე 15 წელი გავიდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებიდან, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობას ჰპირდება და 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განაცხადი გააკეთა. ამ პერიოდის განმავლობაში, ალიანსის წევრთა დახმარებითა და მხარდაჭერით, განვავითარეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც სცდება ნატო-ში გაწევრიანების საბაზისო სტანდარტებს, ხოლო ქართული სამხედრო ძალები ალიანსთან სრულად თავსებადი გახდა. შესაბამისად, დროა, მივაღწიოთ ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის პოლიტიკურ განზომილებაშიც. საქართველო, უკრაინის გამარჯვების შემდეგ ფორმულირებული, ახალი უსაფრთხოების წესრიგის სწორ მხარეს უნდა იდგეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისგან.

"ქართველი ხალხი და მთავრობა ელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აგრეთვე, ველით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად. ეს ნაბიჯები ხალხს მისცემს მიზანს გაერთიანებისთვისა და, ამ გაურკვეველ პერიოდში, უკეთესი მომავლის იმედს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ „შემდეგ ათწლეულში ევროკავშირისა და NATO-ს საოცნებო ქოლგა საქართველოს ცაზე გაიშლება“.

"მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიყავით უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯის თანასპონსორი, მხარდამჭერი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ მიიღო ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი და უზრუნველყო მათთვის თავშესაფარი, ფინანსური დახმარება, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მომსახურებებზე წვდომა.

„როდესაც საუბარი ეხება პირდაპირ სამხედრო დახმარებას, ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ. რუსეთი აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას, ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება მძიმდება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო გულმოდგინედ მიჰყვება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას, ეყრდნობა მხოლოდ პოლიტიკურ, დიპლომატიურ საშუალებებს და მიზნად ისახავს მთლიანი რეგიონისთვის ძალიან საჭირო სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები