26 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ვინ იზიარებს გუბაზ სანიკიძის იდეებს "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ - პოლიტიკოსის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა

მეორე ფრონტის იდეა რომ კვლავ აქტუალურია, ამის მორიგ მტკიცებულებად მმართველ გუნდს გუბაზ სანიკიძის ახალი განცხადება მოჰყავს. საუბარია პოლიტიკოსის მხრიდან ერთ-ერთი არხისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც სანიკიძემ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მიმოიხილა და თქვა, რომ ომის გზით სუვერენიტეტის აღდგენა საქართველოსთვის მისაბაძი უნდა იყოს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ძალადობრივი მეთოდებით რეინტეგრაცია დაუშვებელია.

პოლიტიკოსი, რომელიც თავს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ მოკავშირეს უწოდებს, ქვეყანას აზერბაიჯანული მაგალითის გამეორებას ურჩევს. სანიკიძე სკოლებში პატრიოტული სულისკვეთებითაც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ დროა საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებაზე ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთოს.

საკუთარი პარტიული სიით გადეპუტატებული სანიკიძის ნაცვლად, თავის მართლება დღეს "ნაცმოძრაობის" წევრებს მოუწიათ. ოპოზიციურ პარტიაში კოლეგის პოზიციას არ იზიარებენ. "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პარტნიორის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამტკიცებს, რომ გუბაზ სანიკიძეს ომთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

გუბაზ სანიკიძის თეორია აბსურდულად ჟღერს "გირჩისთვის". პოლიტიკურ ცენტრში სანიკიძის პერსონას ანგარიშგასაწევად არ მიიჩნევენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ნეგატიური გზავნილია.

მეორე ფრონტისკენ ღია მოწოდება, რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის ნააზრევი არაა ამაში სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია. "ოცნების" ლიდერები ოპოზიციის მორიგ ლუსტრაციაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ერთად კვლავ მეორე ფრონტის იდეას ავითარებს. მმართველ პარტიაში დღეს გუბაზ სანიკიძე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ არასწორი დამოკიდებულებისთვისაც გააკრიტიკეს.

გუბაზ სანიკიძემ აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირების ანალიზი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პოლიტიკოსს სჯერა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება საქართველომ დეოკუპაციისთვის სარფიანად უნდა გამოიყენოს, თუნდაც ამას შეიარაღებული კონფლიქტი დასჭირდეს.

დღის ამბები