ფემიციდის საზარელი ფაქტი ბოლნისში - ადგილზე დღეს ყველა მხოლოდ ამ ერთ მძიმე დანაშაულზე საუბრობდა. ახალგაზრდა, 36 წლის ქალი, ნაზი კაზარიანი, მეუღლემ სასიკვდილოდ დაჭრა.
მკვლელი 38 წლის ივანე კაზარიანია. უცხოეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოსულმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცოლს, შუაღამისას სამზარეულოს დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა. ქალი სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულს კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს. 15 წლის მოზარდი გოგო, რომელიც ძალადობის დროს მამისგან დედის დაცვას ცდილობდა. ამ დროს კი მკვლელმა ისიც დაჭრა.
მეუღლის სასიკვდილოდ გამეტებისა და შვილის დაჭრის შემდეგ ივანე კაზარიანმა თვითმკვლელობა სცადა. მან დანით მუცლისა და გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიიყენა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. გამოძიება კი, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისა და ოჯახის წევრის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების მუხლებით მიმდინარეობს.