26 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
რა დრო დარჩა პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური კრიტიკის ადრესატი გახდა

ოპოზიცია ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ არასწორად წაიკითხა და მას ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად არა სამი თვე, არამედ 1 კვირა აქვს. რომან გოცირიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს ახლა ვადები ეწურება და მან ფარცხალაძის საკითხზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე, რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.

ამ განცხადებას მალევე მოჰყვა განმარტება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ვრცელდება დეზინფორმაცია. გამოქვეყნებულ ტექსტში ასევე წერია, რომ პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს ბრძანებულების გამოსაცემად სამთვიანი ვადა აქვს.

ვადებზე კონცენტრირება ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის უმნიშვნელოა. როგორც ამბობენ, მთავარი მათთვის ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება შეცვალა.

ვადების საკითხი ტექნიკური პროცედურაა სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს იმ არგუმენტებზე აკეთებენ, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებისას გააჟღერა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ეს განმარტებები გაუგებარია.

ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. სალომე ზურაბიშვილი თავდაპირველად ამბობდა, რომ, იუსტიციის სამინისტროს მიმართვისთანავე, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას შეუწყვეტდა, თუმცა, მოგვიანებით საკუთარი პოზიცია შეცვალა.

დღის ამბები