დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები ჯანდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა. დოკუმენტის მიხედვით, დღეს არსებული სისტემა 2028 წლის იანვრამდე უცვლელი იქნება და დასაქმებულები აქამდე არსებულ დაბალ რისკიან სისტემაში დარჩებიან.
უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ განხილვების პროცესში მიღებული შენიშვნები სრულად გაითვალისწინეს, ამიტომ იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
"მესამე მოსმენისთვის რედაქციაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა ასახული. ეს შეეხება პირველი მუხლის 28-ე პუნქტის, მ ქვეპუნქტში შეტანილ ცვლილებას, რომელიც ეხება ე.წ. ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში სხვა აქტივების კომპონენტის ამოღებას. ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შედეგად, ძირითადად, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პორტფელებს შორის დანაზოგების გადანაწილებას, მოხდება შემდეგი, რომ ის მოქალაქეები, რომელთაც 6 აგვისტოდან 6 სექტემბრის პერიოდში არ ჰქონდათ დაფიქსირებული პორტფელის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება, ისინი ავტომატურად დაბრუნდებიან ე.წ. დაბალრისკიან პორტფელში; მეორე ცვლილება - ე.წ. ერთთვიანი ფანჯარა, რომლის დროსაც მოქალაქეებს ჰქონდათ უფლება, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ ნებისმიერ პორტფელში გადასვლასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვადა, ფაქტობრივად, ხანგრძლივდება. გადაწყვეტილების ვადა იქნება უვადოდ გახანგრძლივებული და წელიწადში ერთხელ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება უფლება, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გადაინაცვლოს ერთი პორტფელიდან მეორე, სასურველ პორტფელში,"-აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი
.