26 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ვერ გავიზიარებ იმ არგუმენტებს, რასაც პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები საზოგადოებას განუმარტავენ - თინა ბოკუჩავა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ფარცხალაძესთან დაკავშირებით

რა ვადებში უნდა შეუწყვიტოს მოქალაქეობა პირს პრეზიდენტმა და არღვევს თუ არა სალომე ზურაბიშვილი კანონს - პოლიტიკური ბრალდებების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განმარტება გააკეთა. გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად.

საუბარია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ჩინოსნის მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტას, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თემა დისკუსიის საგანია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანი არა ვადები, არამედ ის, თუ რა არის სალომე ზურაბიშვილის არგუმენტი და შეცვლის თუ არა ის გადაწყვეტილებას.

"სამი თვე არის პროცესის დაწყებიდან დამთავრებამდე და პრეზიდენტს აქვს ბოლო 1 კვირა. ეს ეხება როგორც მოქალაქეობის მიცემას, ისე ჩამორთმევას, ასევე, მოქალაქეობიდან გასვლას. როგორც ჩანს, ეს კანონი ორმაგად იკითხება როგორც იურისტების მიერ, ასევე, თავად პრეზიდენტმა სხვანაირად წაიკითხა, მაგრამ მთელი ეს იწილო-ბიწილო არაფერში არ ადგება არავის. ეს ადამიანი არ არის ღირსი, რომ იყოს საქართველოს მოქალაქე, სამართლებრივად მან უნდა გამოიტანოს დროზე გადაწყვეტილება. რას ემსახურება ეს - ყოველდღე კარგავს მხარდამჭერებს თუნდაც ამ საკითხში, მომხრე არავინ არ არის, გარდა თავისი ორი თანაშემწისა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებული პრობლემა უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი.

"ეს იურისტებმა იდავონ, ერთი კვირაა ვადა თუ სამი თვე, ამ დროის განმავლობაში მოცემულობაში ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის პოზიცია და მისი უარი, ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პასუხი და არ ვიცით, ერთი კვირის ვადაში თუ სამი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილებას შეცვლის თუ არა, რაც ვფიქრობ, რომ არის პრობლემა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური. შესაბამისად, მთავარი საკითხი არის აქ აპირებს თუ არა პრეზიდენტი გადაწყვეტილების გადახედვას,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ვერ გააცნობიერა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პოლიტიკური მნიშვნელობა.

"აქ არსებითი არ არის, სამი დღეა თუ შვიდი, აქ მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვერ გააცნობიერა პოლიტიკურად რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი უფლებამოსილების გამოყენება რუსი ჯაშუში სანქცირებული ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად. მე ვერ გავიზიარებ იმ არგუმენტებს, რასაც ის და მისი წარმომადგენლები საზოგადოებას განუმარტავენ,"-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები