26 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ - გახარიას პარტიამ შოვის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა

გახარიას პარტიამ პოზიცია შეცვალა და შოვის საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში მხარს დაუჭერს. კომისიის შექმნა დღის წესრიგში "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" დააყენეს, თუმცა ამ ინიციატივას პარტია "საქართველოსთვის" არ ემხრობოდა.

დღეს კი გახარიას თანაგუნდელებმა განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდი ამ პროცესში არ გახდება ბარიერი.

"ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" პირობებში, მაშინ, როდესაც ეს 2 დესტრუქციული ძალა ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტური მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და ჩვენ კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ. მაგრამ, აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი კომისიის წევრები არ ვიქნებით,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი შალვა კერესელიძე.

"ნაციონალური მოძრაობაში" კი გახარიას პოლიტიკური ჯგუფის ამ პოზიციას მიესალმებიან.

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მათი პოლიტიკური გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" საგამოძიებო კომისიის შექმნაში დაეხმარება, თუმცა მათ მოუწოდებს, რომ ინტერპელაციის შემდეგ უკეთ მოემზადონ:

"დავეხმარებით "ნაციონალურ მოძრაობას" რატომაც არა, გააკეთონ კომისია, ერთადერთი ჩემი რჩევა იქნება ინტერპელაციის შემდეგ უკეთესად მოემზადონ. ისინი მიიჩნევენ რომ საკმარისი კომპეტენცია აქვთ ესეთი რაღაც გამოიძიონ, რატომაც არა, სცადონ," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები