26 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
დამნაშავედ ცნეს კაცი, რომელიც, ნასვამ მდგომარეობაში პოლიციის მანქანას დაეჯახა - შედეგად 2 პოლიციელი დაიღუპა

ნასვამი კაცი პოლიციის გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყება ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი ავტოავარიის შედეგად, ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღის ამბები