26 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
რუმინეთი წამყვან ძალას წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მხრივ - შალვა პაპუაშვილი

რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერია. რუმინეთი, აგრეთვე, რეგულარულად წამყვან ძალას წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ისტორიულ გამოწვევას წარმოადგენს და ერთად უნდა იმუშაონ, დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, რათა რთულ სივრცეში სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.

"ჩვენი ქვეყნები წარმატებულად თანამშრომლობენ მრავალი მიმართულებით. კერძოდ, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, თავდაცვისა და კიბერ უსაფრთხოების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა კუთხით. რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერია. რუმინეთი, აგრეთვე, რეგულარულად წამყვან ძალას წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მხრივ. ჩვენ დიდად მადლიერი ვართ რუმინული მხარის მიერ საქართველოს მხარდამჭერი თითოეული ნაბიჯისა და განცხადებისთვის. ჩვენმა პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა და სიღრმე შეიძინა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი ქვეყნები შავ ზღვას ესაზღვრება. მსოფლიოს ამ რეგიონის უსაფრთხოება კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება დღესდღეობით ისტორიულ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, რათა ამ რთულ სივრცეში სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ. მოწადინებულები ვართ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ძირითად სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში, რათა წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში. ახალი საბორნე მიმოსვლის დაწყება, რომელიც რუმინეთის კონსტანტას პორტს საქართველოს ფოთის პორტს აკავშირებს, კარგი მაგალითია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ძალისხმევას, გავაძლიეროთ დაკავშირებადობა შავ ზღვაში. ამასთანავე, გვჯერა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, აგრეთვე, უდიდესი პოტენციალი აქვს, რათა დაეხმაროს ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგები საქართველოსთვის - უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა; ისტორიულად უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი; ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ძირითადად, დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან. 2020 წლის შემდეგ ვაჭრობის გაორმაგება, ექსპორტის ჩათვლით," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები