26 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
დაზარალებულები არ თანამშრომლობდნენ, თავდაპირველად ამბობდნენ, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდნენ, შემდეგ ეტაპზე გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს - რაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის საქმის პროკურორი

საკრებულოს დეპუტატ, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის საქმის პროკურორის, მარიამ ბეგიაშვილის განცხადებით, დაზარალებული უწყებასთან დღემდე არ თანამშრომლობდა.

მისივე განცხადებით, ბრალდების მხარე დაეყრდნო მხოლოდ იმ ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც უთითებდნენ, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზი დაზარალებულებისგან მომდინარე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი იყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მყისიერად დაიწყო გამოძიება გლდანში მომხდარ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობს ფაქტებზე. დროის უმოკლეს პერიოდში, გამოძიების მხრიდან მოპოვებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ჩატარდა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმეზე გამოიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე, რის შედეგადაც დაკავებულ იქნა ექვსი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით.

დღევანდელ დღემდე დაზარალებულები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, რის გამოც ორი დაზარალებულის დაკითხვა დღეს მოხდა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე სასამართლოში. იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ სხვა დაზარალებულებიც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.

დღემდე დაზარალებულების პოზიცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურისთვის უცნობი იყო, ვინაიდან თავდაპირველად ისინი ამბობდნენ, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდნენ, ხოლო შემდეგ ეტაპზე გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ბრალდების მხარე დღეის მდგომარეობით დაეყრდნო მხოლოდ იმ ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც უთითებდნენ, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო დაზარალებულებისაგან მომდინარე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი", - განაცხადა მარიამ ბეგიაშვილმა.

დღის ამბები