საქალაქო სასამართლოში საკრებულოს დეპუტატ, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირების პროცესი იწყება. პროკურატურა ექვსივე მათგანის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. მანამდე სხდომათა დარბაზში იმ პირების გამოკითხვა მოხდა, რომლებიც გლდანში ეძგვერაძესთან ერთად იმყოფებოდნენ.
ბრალდებულ ტატო ხუნდაძის ადვოკატის, იოსებ ხარატიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ჩადენილი ძალადობა არავის დაუნახავს.
"ბრალდებულებს კითხვა არ ჰქონიათ, არც ჩემს და არც დანარჩენს. დაცვის მხარისგან იყო რამდენიმე კითხვა დასმული. აქცენტი იყო იმაზე თუ რა ხდებოდა, ვინც იძახდა ფიზიკური დაზიანება ჰქონდა მიღებული, ეკითხებოდნენ ვის მიერ მიიღო დაზიანება. თუ დაინახა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა ვინ ვის დაარტყა და ა.შ.
როგორც თვითონ განმარტა, მოხვდა ხელი, სხვებს ვეღარ ხედავდა, რადგან რამდენიმე ხელი მირტყამდაო, მისი განმარტება ასეთი იყო. მან თქვა, ვიცნობდი ტატო ხუნდაძეს, თუმცა მის მიერ ჩადენილი ძალადობა არ დაუნახავს", - განაცხადა ადვოკატმა.
"დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიგა ლემონჯავას განცხადებით, პროკურატურა ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია.
"პროკურატურას აქვს წინასწარი განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე შეკეროს. პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას კი არ აქვს ადგილი, თითქოს ადგილი აქვს ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.