26 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე - შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა არ შეეწყვიტა, ეს ემსახურება იმას, რომ საკითხი დღის წესრიგში დიდხანს დარჩეს

ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დარჩეს დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

„საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი კანონის შესაბამისად გააკეთა. ამბობდნენ, თითქოს მთავრობა არ უწყვეტს მოქალაქეობას და  ვნახეთ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, ამბობდნენ, ხელოვნურად ბლოკავს საგამოძიებო სტრუქტურა გამოძიების დაწყებას, ვნახეთ, რომ გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტის მხრიდან იყო პირდაპირ გაკეთებული განცხადება, რომელშიც პრაქტიკულად მისი პოზიცია ჩანდა, მოითხოვა დასკვნა მოქალაქეობის შესაწყვეტად, როდესაც დასკვნა გადაეგზავნა და მთელი საზოგადოება ელოდებოდა მოქალაქეობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება და გადაწყვეტილება დააფიქსირა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს ეს ყველაფერი მოხდა მისი წინასწარ გაცხადებული და დაფიქსირებული პოზიციის სრულიად საწინააღმდეგოდ, თითქოს მას პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა. როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს და ოპოზიციას, რომელსაც თავი გააქვს თვიდან თვემდე ასეთი ტიპის თემებით, არაფერი საქმიანი აღარ აქვს თავის დღის წესრიგში, როგორმე კიდევ დაუტოვონ რაიმე სალაპარაკო, რითაც შესძლებენ თავისი ამომრჩევლები მოატყუონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის დამოკიდებულებაა. ჯერ ვისმენთ, კანდიდატების წარდგენას, შემდეგ ამ კანდიდატების უკან გამოწვევის გადაწყვეტილებას, ჯერ მოქალაქეობის შეწყვეტაზე ძალიან პრინციპულ მოთხოვნას და შემდეგ ამ მოთხოვნის ცვლილებას. ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გადაფარონ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენ ქვეყანას და ხალხს აინტერესებს, ესენია: ევროინტეგრაცია, სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, ცვლილებები ბიუჯეტში, სადაც სოციალური და ჯანდაცვის, განათლების მიმართულება, ხელფასების გაზრდის საჭიროება, პენსიები თუ სხვა მნიშვნელოვანი თემებია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.

დღის ამბები