26 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
პრეზიდენტი ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ შეუწყვეტს - რით ხსნიან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში

უარით დარღვეული ორ დღიანი დუმილი - სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ შეუწყვეტს. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 19 სექტემბერს, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდებოდა, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა. ოპოზიცია ახსნა- განმარტებებს ითხოვს, უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯიც იმ საბოტაჟის გაგრძელებაა, რაც მიზნად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლას ისახავდა.

მმართველი პარტიისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს. პარლამენტის ვიცესპიკერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიციის შემდეგ განცდა, რომ მასზე კონკრეტულ ძალებს, შესაძლოა, გავლენა მოეხდინათ, რეალურია. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებით პრეზიდენტი სწორედ ოპოზიციას დაეხმარა.

19 სექტემბერს დადებული პირობის შესრულება პრეზიდენტმა 2 დღეში გადაიფიქრა. სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს. დუმილი გუშინ დღის ბოლოს დაირღვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ თუ ფარცხალაძე დასასჯელია, პრეზიდენტს მისი სამართლებრივი დასჯა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის პირობებში წარმოუდგენია.

"აბსურდი და სიცრუე" - ასე აფასებენ ოპოზიციაში პრეზიდენტის პოზიციას. პოლიტიკურ ძალები სალომე ზურაბიშვილს განუმარტავენ, რომ პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას ან შენარჩუნებას მის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან კავშირი არ აქვს.

ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება აუხსნელია ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვის. პარტიებში უჭირთ ახსნა, რატომ შეცვალა პრეზიდენტმა პოზიცია და დეტალურ განმარტებას პრეზიდენტისგან ელოდებიან. პარტიები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციის განცხადება სამართლებრივი ლოგიკისგან შორსაა და თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით პოლიტიკური სვლა გააკეთა.

კონსტიტუციის დარღვევაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრეზიდენტის პოზიცია. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია შეთანხმებულად მოქმედებენ და სწორედ მათი გეგმის ნაწილია, ფარცხალაძის თემით საზოგადოების განწყობებზე მანიპულირება მოახდინონ.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე ინფორმაცია 14 სექტემბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებით გახდა ცნობილი. ყოფილი მაღალჩინოსანი აშშ-მა სხვა და სხვა ქვეყნის 150-ზე მეტ პირთან ერთად დაასანქცირა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მალევე დაიწყო. უწყებაში ფარცხალაძე უკვე გამოჰკითხეს. საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნის სანქციების სიაში შეყვანის ერთ-ერთ მიზეზად, ფარცხალაძის რუსეთის უშიშროების სამსახურთან კავშირი სახელდება.

დღის ამბები