26 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
უმაღლესი ტრიბუნა და მთავარი სათქმელი მსოფლიოს საქართველოდან - ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა

მთავრობის მეთაურმა გენერალურ ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველომ კარგად იცის ომისა და მშვიდობის ფასი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა ამ დრომდე აგრძელებს ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავებას, მაგრამ საქართველოს დინამიკური განვითარება არ შეფერხებულა.

პრაგმატული და მშვიდობაზე დამყარებული საგარეო პოლიტიკის წარმოება მთავრობის მეთაურის შეფასებით ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. მიღწევები და პროგრესი, რომელიც გლობალური ინდექსებით დასტურდება - პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ 2030 წლის განვითარების სტრატეგია, იმ რეფორმების ყოვლისმომცველი კომპლექტია, რომლის განხორციელებას ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განვითარების შესაძლებლობები ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის − საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის.

მშვიდობის შენარჩუნებას, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ შეახსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატად გამოიყენა. მან ისაუბრა იმ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ უკრაინას გაუწია, ომის დაწყების დღიდან. მშვიდობიან სამეზებლო ინიციატივას და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს პრემიერის განმარტებით ალტერნატივა არ აქვს.

საქართველო როგორც მრავალგანზომილებიანი რეგიონალური ჰაბი და სატრანსპორტო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის. მთავრობის მეთაურის თქვა, რომ საქართველოს შესწევს უნარი განავითაროს შუა დერეფანი, როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლიი პორტი, საერთაშორისო სტანდარტების ახალი აეროპორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია - ეს იმ მნიშვნელოვანი და საერთაშორისო პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განხორციელების მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე ისაუბრა.

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო ამერიკის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ორგანიზებით გამართულ მიღებას. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან გამართული შეხვედრისას კი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპელ ლიდერებს. პირისპირ შეხვედრები გაიმართა, გერმანიის კანცლერთან, თურქეთის პრეზიდენტთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. კვირის დასაწყისში კი, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მდგრადი განვითარების სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და გაეროს გენერალური ასამბლეის წესდებისა და პრინციპების თავსებადობისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

დღის ამბები