26 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
"სამართლებრივად გაუგებარია და ალბათ, ცოტა მეტი ახსნა სჭირდება ამას" - თეონა აქუბარდია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მეტი ახსნა სჭირდება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ის აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს.

მისი თქმით, აღნიშნულმა პოზიციამ ცალსახად დაბნეულობა გამოიწვია.

"გარკვეულწილად, ეს ალბათ, პრეზიდენტის ტაქტიკაა მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე გითხრათ, სამართლებრივად გაუგებარია და ალბათ, ცოტა მეტი ახსნა სჭირდება ამას. კანონმდებლობა გარკვეულ ვადას იძლევა მოქალაქეობის, როგორც მიცემის ასევე წართმევასთან დაკავშირებით და თუ არ ვცდები, ეს ვადა პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ცალკეული ადამიანების, მათ შორის პოლიტიკოსების შემთხვევა, როდესაც ავტომატურად უწყდებოდათ მოქალაქეობა და ამ მოცემულობაში კი, ეს ასე არ ხდება, ამას სჭირდება დამატებითი განმარტება, რადგანაც ერთი არის სამართლებრივი ასპექტი და მეორე პოლიტიკური ასპექტი. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს დაზუსტება მაინც სჭირდება, რადგანაც ამ პოზიციამ ცალსახად დაბნეულობა გამოიწვია,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-სგან დასანქცირებულ ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ამ ეტაპზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ 19 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.

დღის ამბები