26 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
როდის შევა პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში - ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

როდის შევა პირველი გემი ანაკლიის პორტში, რომელიც ქვეყნის ყველა პოლიტიკური ჯგუფისა თუ მთავრობის მიერ პრიორიტეტულ, სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული. ვადები, ინვესტორები, წილების და მოგების გადანაწილება – ეკონომიკის მინისტრთან, დღეს, კითხვები ყველა აქტუალური მიმართულებით დაისვა. ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს, პირველ რიგში ორი გამოკვეთილი პრეტენდენტის შესახებ აცნობა. ასევე თქვა, რომ მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება, ხოლო პირველი ეტაპის დასრულებას 3 წელი დაჭირდება.

ინვესტორებთან მოლაპარაკებების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მინისტრს კომპანიებისა და მათი მმართველების ვინაობა არ დაუსახელებია. ამ პირობის მიუხედავად, ოპოზიციამ რუსეთის პირდაპირი, ან ირიბი ჩართულობის შესახებ დამატებითი განმარტება მოითხოვა.

მინისტრმა დავითაშვილმა ცალსახად თქვა, რომ შვეიცარიული კომპანიის დამფუძნებლებსა და აქციონერებს შორის, რუსეთის მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. ამ საკითხის ამოწურვის შემდეგ, მთავარ თემად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქცა. ოპოზიცია პრობლემას იმ გარემოებაში ხედავს, რომ ჩინური ინვესტიცია ამერიკულს ჩაანაცვლებს. მმართველი პარტია კი, ჩინეთის მიმართ გაუმართლებელ ფობიაზე საუბრობს. აქვე გაკეთდა განმარტებები, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ მდგენელებზე.

ჩინეთის როლი, ტვირთების მოცულობა და დერეფნის ფუნქცია ევროპასა და აზიას შორის – ეს ყველაფერი გრძელვადიანი პერსპექტივას და იმ დროს უკავშირდება, როდესაც ჯერი პორტის ფუნქციონირებაზე მიდგება. მანამდე კი, დღევანდელი მწვავე პოლემიკის საგანი იყო, რამდენად რეალისტურია დასახელებული გეგმები და ვადები. პოლიტიკური დავის საგნად რჩება ისიც, თუ ვინ არის დამნაშავე პორტის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებაში.

დეპუტატების გამოსვლების შემდეგ, შემაჯამებელ სიტყვაში ლევან დავითაშვილმა დისკუსიის მთავარ საკითხებს გასცა პასუხები. ამასთან, კიდევ ერთხელ თქვა, რომ პორტის მშენებლობა დათქმულ ვადებში, წლის ბოლომდე დაიწყება.

ანაკლიის პორტის პროექტის თანაინვესტორის საბოლოოდ გამოვლენამდე, რამდენიმე კვირა რჩება. დადგენილი კონფიგურაცია ასეთია - უცხოური ინვესტიციის ჯამური მოცულობა 49%, ხოლო საკონტროლო, 51%-იანი წილი საქართველოს მთავრობის იქნება. ვადების შემჭიდროების მიზნით, ინვესტორებთან თანამშრომლობის საბოლოო დეტალების შეთანხმებამდე, ანაკლიაში საწყისი სამუშაოების წარმოებას სახელმწიფო კომპანია დაიწყებს.

დღის ამბები