26 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა

ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სანქციები დაუწესა, საქართველოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა. კურიერს ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე, უწყებაში არ საუბრობენ.

საკითხის შესწავლა სუსმა წინა კვირას დაიწყო, მას მერე, რაც ოთარ ფარცხალაძე შეერთებული შტატების ახალ სასანქციო პაკეტში, 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირთან ერთად მოხვდა. მას შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ახლა მთავარ კითხვებს პრეზიდენტი აჩენს, რომელსაც ამ დრომდე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს შესაბამისი დასკვნა ჯერ კიდევ 2 დღის წინ გაუგზავნა. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ზურაბიშვილი შესაძლოა მუხტის შენარჩუნებას ცდილობდეს.

მოქალაქეობის შეწყვეტაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია. ერთადერთი განცხადება, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, სალომე ზურაბიშვილის 2 დღის წინანდელი პოსტია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ის წერდა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნას, გადაგზავნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა, თუმცა, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დოკუმენტს, ზურაბიშვილის ხელმოწერა ამ დრომდე არ აქვს.

რატომ გაიწელა პროცესი აინტერესებს ოპოზიციასაც. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს სალომე ზურაბიშვილი ხელს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამას კანონმდებლობა ავალდებულებს და პარალელურად, მას საკუთარი პოზიციაც უკვე გაცხადებული აქვს .

ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა არასაკმარისი ქმედებაა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვენ. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილების გაუქმება.

სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია და მათთან ერთად სალომე ზურაბიშვილი, ოთარ ფარცხალაძის საკითხით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რასაც მათი თქმით, კონკრეტული მიზანი აქვს და ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ ინფორმაცია, გასულ კვირას გავრცელდა. სანქცირებულთა სიაში ფარცხალაძის გარდა, მოხვდნენ რუსეთის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები და კომპანიები.

 

დღის ამბები