26 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
სტიქიის დროს საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია საერთაშორისო დახმარებას არ საჭიროებდა - ვახტანგ გომელაური

შოვში, სტიქიის დროს საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის, სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება დამოუკიდებლად განხორციელებულიყო.

"სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის შესახებ არაერთი განმარტება გაკეთდა და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, ჩვენი ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა. ყველასთვის გასაგებია, რომ სამაშველო ღონისძიებაში სხვა ქვეყნების მაშველების ჩართვა მოითხოვს შესაბამის პროცედურებს და მეტ დროს. საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება განხორციელებულიყო დამოუკიდებლად“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები