26 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ვინ როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილის როვოლუციურ მოწოდებებს - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

მიხეილ სააკაშვილის მოწოდების ინტერპრეტირება, დღეს, მისი პარტიის წევრებმა სცადეს, თუმცა საბოლოოდ მაინც იგივე გაიმეორეს, რომ ევროკავშირის უარის შემთხვევაში, ხელისუფლების ლეგიტიმაციის უარი უნდა მოჰყვეს. ამისთვის, რომ ოპოზიციამ აქტიურად უნდა იმოქმედოს, საუბრობენ "სტრატეგია აღმაშენებელშიც", რომლის ლიდერმაც გუშინ ამ მიზნის მისაღწევად იარაღის გამოყენების შესაძლებლობაც კი დაუშვა.

სააკაშვილის განცხადება მმართველი პარტიისთვის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმის პირდაპირი მტკიცებულებაა ანუ იმის დადასტურება, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიებაც მიმდინარეობს. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას ქვეყანაში, ოქტომბერ-დეკემბერში გეგმავს. მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ელოდება. უწყების ცნობით, "თბილისური მაიდნის სცენარს" ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ამუშავებდა.

"ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციურ მიზნებზე მათი კოლეგებიც საუბრობენ. თუმცა ოპოზიციის ამ ნაწილს მიაჩნია, რომ სტატუსის არ მიღების შემთხვევაში სააკაშვილის გუნდს, სურვილის მიუხედავად, ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების რესურსი არ გააჩნია.

ოპოზიციის სისუსტეზე მიუთითებენ მმართველი გუნდშიც, თუმცა ამბობენ, რომ ეს ფაქტორი ქართული პოლიტიკისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველია. ქართული ოცნების ლიდერები განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მათი ოპონენტები სწორედ რევოლუციური გეგმებზე მუშაობენ, რადგან არჩევნების გზით ძალაუფლების დაბრუნების უნარი არ აქვთ.

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე უსაფრთხოების სამსახურში მოკვლევა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას გარკვეული ძალები ოქტომბერ-დეკემბერში გეგმავენ, რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ემთხვევა. ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილი ყველას მოუწოდებს, უარის შემთხვევაში ქუჩაში გამოვიდნენ, მთავრობა გადააყენონ და ვადამდელი არჩევნები დაანიშნინონ.

დღის ამბები