მრავლობითი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა, მათ შორის კისრის არეში 32 წლის მამაკაცს მიაყენეს. შოთიკო საკანდელია, სასიკვდილოდ ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმეტეს.
მოკლული მარტვილის რაიონიდანაა. ახლობლები შოთიკო საკანდელიას უკონფლიქტო პირად ახასიათებენ და ამიტომ დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ. კონკრეტულად რა დაპირისპირება უძღოდა წინ მკვლელობას ამ ეტაპისთვის ეს ჰოლანდიელი სამართალდამცველებისთვისაც უცნობია.
მკვლელობით დასრულებული ჩხუბის კიდევ ერთი მონაწილე ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თორნიკე მანველიძეა. საქართველოს მოქალაქე ახლა მთელი ნიდერლანდების მასშტაბით იძებნება. 28 წლის მამაკაცს ბრალად სასტიკი დანაშაულის ჩადენა ედება.
ძებნილის ფოტოები ადგილობრივ მედიაში უკვე გავრცელდა. სამართალდამცველებმა ინფორმაცია ტელევიზიის საშუალებითაც გაავრცელეს. პოლიცია თორნიკე მანველიძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასაც გეგმავს.
ძებნილის მამამ დღეს კურიერის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. დაგვიდასტურა მხოლოდ ის, რომ მისი შვილი ნიდერლანდებშია.
ნიდერლანდების პოლიცია თორნიკე მანველიძეს 24 საათზე მეტია აქტიურად ეძებს. მას ბრალად მკვლელობა და მიმალვა ედება. როგორც ირკვევა თორნიკე მანველიძე ნიდერლანდებში მსხვერპლთან ერთად პოკერის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.