26 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
საქართველოს ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მოლოდინი და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები - გაეროში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველო-ამერიკის ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები - მთავრობის მეთაურმა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან პირისპირ შეხვედრაზე განიხილა. ირაკლი ღარიბაშვილის და ჯეიკ სალივანის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობა იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად. პრემიერმა აღნიშნა ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლა. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ- პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურის და შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველის მაღალი დონის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ორმხრივ ფორმატში მხარეებმა ყველა ის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოს ამერიკასთან აკავშირებს.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის დროს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. პრემიერმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები მიმოიხილა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რეკომენდაციებზე მუშაობა კი დასკვნით ეტაპზეა, რასაც საქართველო ვენეციის კომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით ასრულებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქართული ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების მზაობა. ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველო - ესტონეთის მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა რომ მნიშვნელოვანია, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა.

საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მხარდამჭერთა რიცხვშია ჩეხეთიც. პრეზიდენტ პეტრ პაველთან შეხვედრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე. პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. ითქვა, რომ მისასალმებელია, ბოლო წლებში ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს, მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, რომელზეც ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში მონაწილეობს. უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მეთაური საზოგადოებას ხვალ მიმართავს. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან. პრემიერ-მინისტრი პირისპირ ესაუბრა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს. მდგრადი განვითარების სამიტზე კი ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და გაეროს გენერალური ასამბლეის წესდებისა და პრინციპების თავსებადობაზე და ქვეყნაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

 

 

 

დღის ამბები