მამაკაცი, რომელიც ამ ფარულ ჩანაწერში ფულის გამოძალვის მითითებას გასცემს, სავარაუდოდ თურქეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მარღიაა. გამოძიების მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერში ისმის, თუ როგორ გეგმავენ "ქურდული სამყაროს" სახელით მოქალაქისთვის 70 000 ლარის წართმევას.
“კურიერის“ ინფორმაციით, ლოტკინზე, სწორედ იმართებოდა ქურდული გარჩევები, რაშიც დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მოდავე მხარეებს ადგილზე ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. ბრალდებულების ახლობლებს მომხდარი დეტალებზე კამერების წინ საუბარი არ სურთ.
თავად ლევან მარღიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ბოლოს ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2015 წელს დააკავა, თუმცა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, ქვეყანა იმავე დღეს დატოვა. მასთან ერთად სასამართლოში დაუსწრებლად გაასამართლებენ ე.წ. კანონიერ ქურდ რომან ხმალაძესაც. ის ერთ-ერთია, ვინც კრიმინალურ გარჩევებში დისტანციურად მონაწილეობდა. მოსამართლის განჩინებით, ჩამორთმეულია ძვირადღირებული ავტომობილი, რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდის მეუღლე მართავდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრებმა ფული გამოსძალეს 28 წლის მამაკაცსაც, რომელმაც ონლაინ სამორინეში დიდი ოდენობით თანხა მოიგო. ჯერიან კინწურაშვილი, გიორგი კილაძე, ამირან ებრალიძე, თენგიზ ხოფერია - ფარულ ჩანაწერებში ისმის არაერთი ე.წ. კანონიერი ქუდის სახელი, რომლებიც ახალგაზრდა კაცისგან ფულის გამოძალვის საქმეში ფიგურირებენ.
თბილისში, ლანჩხუთში, ცაგერსა და ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდებისთვის მიმართვის ბრალდებით სულ 13 პირია დაკავებული. ორ კანონიერ ქურდს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დაკავებულთა უმეტესობა დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია ავტომობილი, ოქროს ნივთები, მობილური ტელეფონები, ავტომატი, მჭიდები, 50-მდე ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.