26 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
პრეზიდენტს გუშინ მიუვიდა საბუთები, ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება, რას ემსახურება, რას ხლართავენ, კაცმა არ იცის - მამუკა მდინარაძე

ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე მომზადებულ დასკვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ფარცხალაძის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას პრეზიდენტი მიზანმიმართულად აჭიანურებს, რათა პიარული მუხტი შეინარჩუნოს.

"გუშინ პრეზიდენტმა "ფეისბუქში" დაწერა, ვერ მოითმინა, ჟურნალისტებსაც კი არ დაელოდა, რომ დაუყოვნებლივ ელოდებოდა ფარცხალაძის საბუთებს. გუშინ მიუვიდა საბუთები, ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება. რას ემსახურება, რას ხლართავენ, კაცმა არ იცის.

მოქალაქეობა არ დააკარგვინოს წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ აჭიანურებს ერთი რაღაცის გამო, რომ ეს მუხტი პიარულად როგორღაც იყოს შენარჩუნებული. წინასწარ საუბრობდა ადამიანი, დაუყოვნებლივ ველოდებიო და ახლა არ აკმაყოფილებს, განცხადებას არ აკეთებს ამის შესახებ იმიტომ, რომ პიარული მუხტი შეინარჩუნოს.

ქალბატონო სალომე, არანაირი პიარული მუხტი არ არის. ეს სვლაც თქვენ, ყველას ერთად ჩაგივარდათ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, დღის ბოლოს გადაუგზავნა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება შექმნილ ვითარებაში "მიზანშეწონილია".

ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი სხვა ქვეყნის, კერძოდ კი რუსეთის მოქალაქეობის მიღება ხდება.

დღის ამბები