ვარშავამ და კიევმა მწვავე განცხადებები უმაღლეს სამთავრობო დონეზე კიდევ ერთხელ გაცვალეს. პოლონეთმა შეახსენა უკრაინას ის დახმარება, რომელსაც ვარშავა კიევს რუსეთის შეჭრის დღიდან უწევს. განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გააკეთა, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრება.
ანჯეი დუდამ ვითარება ადამიანს შეადარა, რომელიც იხრჩობა და მშველელის ჩაძირვას ცდილობს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთი ადამიანი საშიშია, რადგან შეიძლება გადამრჩენელი სიღრმეში ჩაითრიოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი, საპასუხო ნაბიჯებზე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდა, როდესაც ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვები მოხსნა, თუმცა ის პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა ინდივიდუალურად გააგრძელეს.
ცივილიზებული საპასუხო ნაბიჯი კიევმა ჟენევაში გადადგა. უკრაინის მთავრობამ მოამზადა საჩივარი პოლონეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც არიან როგორც უკრაინა, ასევე ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინის მარცვლეულზე შეზღუდვა ბრიუსელის გვერდის ავლით აამოქმედეს. გარდა ამისა, კიევი აპირებს პოლონეთის ბოსტნეულს ემბარგო დაუწესოს. ამის შესახებ უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ განაცხადა. საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა ვარშავაც.
ევროკავშირის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ უკრაინის მეზობლების მიერ ევროკომისიის მიერ მოხსნილი შეზღუდვის ცალმხრივად გაგრძელება უკანონოა.
უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შეზღუდვა მოხსნა ბულგარეთმა. რეზოლუციას ამის შესახებ კენჭი პარლამენტმა უყარა, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებას ფერმერების პროტესტი მოჰყვა. სოფიას მახლობლად მოწყობილ საპროტესტო აქციაზე, ბულგარელმა ფერმერები ასობით ტრაქტორით გამოვიდნენ და თქვეს, რომ ქვეყნის მთავრობაში, ბრიუსელის მითითებების შემსრულებელი მარიონეტები სხედან.