26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - რა გახდა დღეს დაპირისპირების მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში

ირაკლი ზარქუა, ვიქტორ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი - ფიზიკურად ერთმანეთს სწორედ ეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ. პარლამენტის ფოიეში ვითარება არაერთხელ დაიძაბა, გინება და ხელჩართული ჩხუბი საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

სხდომათა დარბაზთან ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახური დეპუტატების ნაწილის დახმარებით ცდილობდა. ფიზიკურის გარდა, დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მთავარი თემა კი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ამერიკის მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძის ინტერესებს, ეროვნულ ბანკთან ერთად მმართველი პარტიაც იცავს. ბრალდებების ნაცვლად, უმრავლესობა ოპონენტებს მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებდა.

სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დაიძაბა ვითარება პარლამენტში. დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, წინ ანი წითლიძის და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკა უძღოდა. ისინი ირაკლი კობახიძესთან იმ დროს მივიდნენ, როცა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მედიის კითხვებს პასუხობდა. უმრავლესობის ლიდერის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, კობახიძემ ტრიბუნიდანვე უპასუხა. უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციის ნაწილს შორის პირველი დაპირისპირებაც, სწორედ ამ დროს მოხდა.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მმართველი პარტიის მიდგომას ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟად მიიჩნევენ. ოპოზიციის ნაწილისთვის კი, ურთიერთ ბრალდებებზე უფრო მნიშვნელოვანი, საკითხის მიმართ საქმიანი დამოკიდებულებაა.

ოპოზიციის იმ ნაწილის განცხადებები, რომელსაც მმართველი პარტია რადიკალებს უწოდებს, "ქართულ ოცნებაში" არ გაჰკვირვებიათ. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ ოპონენტების გეგმა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას უკავშირდება.

დერეფნის პარალელურად, ხმაური იყო პარლამენტის სხდომაზეც, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, თეა წულუკიანს უსმენდნენ. ოპოზიციის ნაწილმა, ფოიედან სწორედ დარბაზში გადაინაცვლა და საპარლამენტო ტრიბუნასთან პერფორმანსი გამართა. ქალმა დეპუტატებმა, კულტურის მინისტრის გამოსვლის ჩაშლა სცადეს. ბანერი რომელიც მათ ტრიბუნის წინ გაშალეს, ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა. დეპუტატები დარბაზიდან მანდატურების დახმარებით გაიყვანეს.

ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილს უწოდებენ მმართველი პარტიის ლიდერები, პარლამენტში, დღეს მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპონენტების მთავარი მიზანი, პროვოკაციების მოწყობაა.


პარლამენტში, დღეს, განვითარებულ მოვლენებს, წინ პლენარულ სხდომაზე მწვავე სიტყვიერი დაპირისპირებაც უძღოდა. ჯერ კიდევ სხდომის დაწყების დროს, ოპოზიციის ნაწილს, დარბაზის იძულებით დატოვება მოუწია. პარტიები სხდომაზე პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვდნენ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგლამენტი არ ითვალისწინებდა.

დღის ამბები