26 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
დესტაბილიზაციის გეგმა - დღეს, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ გამარჯვებისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ, ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენონ

დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა თქვა, რომ გამარჯვებისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ, ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენონ.

”ქართული ოცნებისთვის” გიორგი ვაშაძის განცხადება მხოლოდ იმის დასტურია, რომ ოპოზიციას ქვეყანაში, პროვოკაციის გზით, რევოლუციის მოწყობა სურს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, დღევანდელი დაანონსებული აქციით დაადასტურა ისიც, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა - რომ ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ. მამუკა მდინარაძემ დღეს ისიც თქვა, რომ ოპოზიცია სიტყვა იარაღის გამოყენებით, ახლა საზოგადოებაში განწყობების დათესვას ცდილობს.

”ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, ოპოზიციის ნაწილმა გიორგი ვაშაძის განცხადების შეფასება არ ისურვა. ”ნაციონალურ მოძრაობაში” არც იმაზე გვიპასუხეს თუ რას გულისხმობდა ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, როდესაც იარაღით ბრძოლაზე საუბრობდა. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ვაშაძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. ამბობენ, რომ მსგავსი პოზიციონირება, საერთო მიზანს აზიანებს და პროტესტის ყველა ფორმა მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში უნდა მოექცეს.

გიორგი ვაშაძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა აღიარებას უწოდებს. მათი თქმით, ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციებს ადასტურებს. გარდა ამისა, სახელისუფლებო გუნდში ვარაუდობენ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, არ არის ერთადერთი, ვინც დღეს, ცვლილებებისთვის ყველა ბერკეტის გამოყენება დააანონსა. სასამართლო სხდომიდან მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მოსახლეობამ მთავრობა ყველანაირი ფორმის გამოყენებით უნდა შეცვალოს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი განცხადებით. ოპოზიციის გეგმები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. ”ქართული ოცნების” თქმით, გამოიკვეთა მათი ოპონენტების მთავარი მიზანი , რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, და ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი სცენარის განხორციელების შესაძლებლობას ოპოზიციას არ მისცემენ.

რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყანაში, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას გეგმავდა, რასაც უწყების ინფორმაციით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდა მოჰყოლოდა.

დღის ამბები