26 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
თეთრი დროშა ყარაბაღში - ერევანში ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

სტეფანაკერტის აეროპორტი - ფაქტობრივი კაპიტულაციიდან ერთი საათის შემდეგ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ტერიტორიის დატოვებას უშედეგოდ ცდილობს. მათ, ვინც ადგილზე დარჩა, ნახევარი დღის გატარება რუსი სამშვიდობოების ბაზაზე მოუწიათ.

თავშესაფარს უკვე ტოვებენ და ხვალ ქალაქ ევლახში, აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად ემზადებიან. განიხილავენ საკუთარი უსაფრთხოების და რეინტეგრაციის საკითხებს - აზერბაიჯანის კონსტიტუციით განსაზღვრულ ცხოვრების ახალ წესს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არაღიარებული ყარაბაღის ე.წ "მთავრობამ" თეთრი დროშა აღმართა. თითქმის 35 წლიანი კონფლიქტი, ფაქტობრივად, დასრულდა.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ჩართულობას უკავშირებენ მხარეები აზერბაიჯანის თითქმის 24 საათიანი კონტრტერორისტული ოპერაციის დასრულებას, რასაც, ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, 90-ზე მეტი თავდაცვითი პოზიციის განადგურება და დაკავება მოჰყვა. არაღიარებული ყარაბაღის ომბუდსმენის ცნობით კი, 32 ადამიანის სიკვდილი და 200-მდე პირის მძიმედ დაჭრა.

მოლაპარაკებები შედგება. დრო და ადგილი კი უახლოეს დღეებში დაზუსტდება. თუმცა, პუტინს მის განცხადებაში არ უხსენებია ის, რაც მისმა პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რამდენიმე საათით ადრე, რუსულ მედიასთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა.

როგორც დღეს გაირკვა, რომ ჩარევას 24 საათიან საბრძოლო მოქმედებებში არც ოფიციალური ერევანი გეგმავდა. არაღიარებული ყარაბაღის კაპიტულაციის შესახებ კი, ნიკოლ ფაშინიანმა, მისივე განცხადებით, ტელევიზიით შეიტყო.

აზერბაიჯანის კონტრტერორისტულ ოპერაციას წინ ხოჯევანის რაიონში მომხდარი აფეთქება უძღოდა. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის დივერსიული ჯგუფის მიერ დანაღმულ გზაზე, რომლის სიახლოვესაც რუსი მშვიდობისმყოფელები არიან დისლოცირებულები, 2 სამოქალაქო პირი აფეთქდა, მეორე ნაღმი კი ადგილზე აზერბაიჯანის პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ ამოქმედდა, რასაც 4 ძალოვანი ემსხვერპლა.

ყარაბაღის კონფლიქტი სათავეს ე.წ "პერესტროიკის" შემდეგ 1988 წლიდან იღებს. ამ დროის განმავლობაში რეგიონში იყო ორი უმძიმესი ომი და ათობით ლოკალური შეტაკება. კონფლიქტის ბედი ფაქტობრივად, 2020 წლის 44 დღიანი ომის შემდეგ გადაწყდა, როდესაც ოფიციალურმა ბაქომ რეგიონის უდიდეს ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა და ხელში სტრატეგიული პოზიციები ჩაიგდო. მიმოსვლა არაღიარებულ რესპუბლიკასა და ერევანს შორის შეწყდა, რამაც შეიარაღებული ფორმირებების მნიშვნელოვანი შესუსტება გამოიწვია.

დღის ამბები