ახალი შესაძლებლობები - სასერტიფიკატო კურსი „მოდის ბიზნესი“
წარმატების ისტორიები ყოველთვის უფრო მეტ სიმართლეს ამბობენ. ეს პირადი მაგალითებია, რომელთაც შეგიძლიათ შეხედოთ, გააანალიზოთ და საკუთარ შემთხვევასაც მიუსადაგოთ. დღეს 4 განსხვავებული ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ - ყველა მათგანი „მოდის ბიზნესზე“ სწავლობდა. სწორედ აღნიშნულ კურსზე მიღებული ცოდნით შეძლეს მათ საკუთარი საქმის წამოწყება-განვითარება.
„გრინ ჯორჯია“ მეგი ჯაშისა და ეკო ყუბანეიშვილის დაწყებული პროექტია, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მოდის ბიზნესის კურსისგან შედგებოდა. დროთა განმავლობაში, იდეა დაიხვეწა, გაჩნდნენ ახალი პარტნიორები და თანდათან სრულყოფილი სასწავლებელიც შეიქმნა. „გრინ ჯორჯია“ „სექრეთ გარდენ ქარვასლაში“ მდებარეობს და სტუდენტებს მწვანე თემატიკაზე სხვადასხვა ტრენინგ-კურსს სთავაზობს. საუბარია სასერტიფიკატო კურსებზე მოდის ბიზნესის, ინფლუენსერ მარკეტინგის, კრეატიული აზროვნების და სხვა არაერთი მიმართულებით, რომელიც ეკომდგრადობის საკითხებს მოიცავს.
ნათია ხახიაშვილი, „ელიშევას“ (elisheva_born_in_georgia) დამფუძნებელი:
ვფიქრობ -„გრინ ჯორჯია“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას ცოდნა მიიღო და დაეუფლო ბიზნესის მართვის იმ უნარებს, რომელიც არა მხოლოდ დამწყები, არამედ აქტიური ქართველი დიზაინერებისთვისაა საჭირო. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ჩვენგანს გარემოს წინაშე. ერთი უწყინარი პროდუქტის ყიდვითაც კი შეგვიძლია, მას დიდი ზიანი მივაყენოთ. მოხარული ვარ რომ ამ პროექტის მთავარ მისიას გარემოზე ზრუნვას წარმოადგენს.
„მოდის ბიზნესის “ კურსის წყალობით, დიზაინერებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოში მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც საკმაოდ დეფიციტურია. აქ სწავლობ, როგორ ჩაანაცვლო არაორგანული ნაჭრები ორგანულით და განასხვავო ისინი ერთმანეთისგან; ასევე, არ გამოიყენო პოლიესტერის მსგავსი მასალები და პირველ რიგში, იზრუნო ჯანმრთელობაზე. ეს ცოდნა მე ნინო იოსელიანის ლექციაზე შევიძინე. აქ მიღებული ცოდნა, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს და არსებულ გამოწვევებს მოისაზრებს არა მხოლოდ დიზაინერს, არამედ ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელს გამოადგება.
ამ საკითხით, დიდი ხანია, დაინტერესებული ვიყავი და შესაბამის ინფორმაციას აქტიურად ვეძებდი, თუმცა საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან მწირი ინფორმაციაა. მსურდა შემესწავლა ბრენდინგი და გამეგო, როგორ უნდა დაიწყო და აწარმოო ბიზნესი. „გრინ ჯორჯიაში“ კი თითოეულ საკითხს პირველი საფეხურიდან გიხსნიან. მიღებული ცოდნის წყალობით, მე საკუთარი ბრენდის შექმნა დავიწყე. ვამზადებ ქალის კლასიკურ და ელეგანტურ ტანისამოსს 16-დან 50+ ასაკის ქალებისთვის. ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული და სასარჩულე ნაჭერსაც კი ნატურალურს ვარჩევთ. მინდა, სწორედ ამ მიმართულებას გავყვე და შევქმნა ბრენდი რომლის მთავარი მიზანი ეკომეგობრულობა და გარემოზე ზრუნვაა.“
სოფო მუხულიშვილი, Cosmo-ს თანადამფუძნებელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი “:
-„გრინ ჯორჯია“ ერთი დიდი ოჯახია, რომელიც მზად არის, დაგეხმაროს და სწორი გზა გიჩვენოს შენს სფეროსა და საქმიანობაში. ეს სასწავლებელი ძალიან კარგად უწყობს ფეხს მსოფლიო ტენდეციებს, ამიტომაც ბევრი სიახლე, რომელიც მსოფლიოშია, ინერგება საქართველოშიც. ჩვენთან სწორედ ისინი არიან პიონერები. მე ბედნიერი ვარ, რომ მოდის ბიზნესის კურსზე მოვხვდი. ეს კურსი ძალიან დამეხმარა, ჩემი კომპანიისთვის, სამომავლოდ, 10-წლიან პერსპექტივაში სწორი გზა დამენახა და სტრატეგია გამეწერა.
ამ კურსზე თავმოყრილნი არიან პროფესიონალები, რომლებიც არა მხოლოდ სალექციო ფარგლებში გეხმარებიან, არამედ შენი საქმის წამოწყებისას გიდგანან გვერდში. ისინი შენი მეგობრებიც ხდებიან, რომელთაც შეგიძლია, რჩევისთვის ნებისმიერ დროს მიაკითხო. სასერტიფიკატო პროგრამამ ძალიან ბევრი რამ მომცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ეს ურთიერთობებია. აქ გავიცანი არაჩვეულებრივი ქალბატონი, ნინო იოსელიანი, რომელიც ჩემთვის აღმოჩენა იყო... რომ აღარაფერი ვთქვა მეგისა და ეკოზე, რომლებიც ყველაფერში გვერდით გიდგანან. მინდა, გამოვყო შოთა ჩინჩალაძეც, რომელმაც ჩვენი ბრენდის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. ის დღესაც გვეხმარება ყველა სტრატეგიულ ნაბიჯში.
Cosmo ხელნაკეთი ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდია. გვაქვს 7 ფილიალი, 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და გვყავს 55 თანამშრომელი. ჩვენ ამ ეტაპზე, ძირითადად, ქართულ ბაზარზე ვოპერირებთ, თუმცა ბოლო 2 წელია, უცხოურ ბაზარზეც დავიწყეთ მუშაობა. აქტიური შეკვეთები გვაქვს დანიიდან. ასევე, ვთანამშრომლობთ გერმანიასთან, ჰოლანდიასთან და უკრაინასთან. ვცდილობთ, სხვადასხვა ქვეყანაში გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია ონლაინ მაღაზიების მეშვეობით.
მოდის ბიზნესის კურსის შემდეგ დავიწყეთ ინოვაციური პროექტი: ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე, რომელიც ყურძნის წიპწის ტყავისგან იქნება დამზადებული. მოგეხსენებათ, ეს ეკოტყავია. მასალა იტალიის წამყვანი კომპანიიდან ჩამოვიტანეთ და ახლა ვქმნით კონცეფციას, რომელიც ქართულ ბაზარზეც ჩაეშვება. მალე შანხაის გამოფენაზე გავემგზავრებით და ჩვენს კონცეფციას იქაც წარვადგენთ.
მაიკო მამულაშვილი:
-ჩემი სამყაროსადმი ურთიერთობა ძალიან დიდი სიყვარულით და მადლიერებითაა სავსე, ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი მიდგომები, რაც ბუნების დაცვას ეხება. ზუსტად ეს ნიშა უჭირავს „გრინ ჯორჯიას“, რამაც ძალიან მომხიბლა. ჩემი მომავლის გეგმა მოდის ბიზნესს უკავშირდება, ამ საკითხში კი, „გრინ ჯორჯია“ საუკეთესოა. ეკოლოგიური მიდგომა მოდის ტენდენციებში და ქსოვილის ბუნებრიობაზე აქცენტის გაკეთება კავშირშია როგორც ჩვენს ესთეტიკურ, ჯანსაღ სილამაზესთან, ასევე ჯანმრთელობასთან.. როგორც არაჯანსაღი პროდუქტი, არაბუნებრივი ქსოვილიც საზიანოა ჩვენი კანისთვის.
მოდის ბიზნესის კურსზე იდეალურადაა დალაგებული ყველა დეტალი, რაც ამ სფეროშია საჭირო. მივიღეთ ცოდნა ისეთ დეტალებზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელიც უშუალოდ ამ ბიზნესის მართვისთვისაა აუცილებელი. მოლოდინი ძალიან კარგი მქონდა, მაგრამ კურსის მსვლელობის დროს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართა. მივიღე გამოცდილება მსოფლიო ბაზარზე არსებული მოდის ტენდენციების განვითარებაზე, მართვაზე, პიარზე, მათთან მოლაპარაკებებზე და ბევრ ისეთ საინტერესო თემაზე, რაც მეტად დამეხმარა ჩემი მიზნის და გეგმის ჩამოყალიბებაში. ამ კურსმა შეცვალა ჩემი შეხედულებები; შევიძინე კარგი ადამიანები; მეგობრული ლექტორები, რომელთა იმედიც მაქვს. მინდა, ყველა მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო.
ამ ეტაპზე მაქვს უძრავი ქონების ბიზნესი, ასევე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში, ვთანამშრომლობ სხვადასხვა სარეკლამო კომპანიასთან, პარალელურად, ჩემი გეგმის შესრულებას ვცდილობ, რაშიც ამ კურსს დიდი წვლილი მიუძღვის. უდიდესი მადლობა ეკოსა და მეგის ამ კურსის შექმნისთვის, ასევე, ყველა ლექტორს. მე მიხარია, რომ მათთან მოვხვდი. მოდის ბიზნესის კურსის ფარგლებში, ვესტუმრეთ ქარხანას, სადაც ტანსაცმლის წარმოება მიმდინარეობს. ასე რომ, იქ უშუალოდ გავეცანით მთელ პროცესს და პრაქტიკული და თეორიული ნაწილი ერთობლივად შევისწავლეთ. მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ ეს კურსი ძალიან გამოადგება ინფლუენსერებს, რადგანაც მოდის მიმართ სწორი ხედვა ჩამოუყალიბდებათ და თავიანთი იდეების სწორად განვითარებას შეძლებენ.
ბარბარე ხორნაული, ილუსტრატორ-დიზაინერი:
-„გრინ ჯორჯია“ ჩემი გამოცდილების და ცოდნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რადგან ეს არის პირველი სწორად გაწერილი მდგრადი მოდის სისტემის კურსი საქართველოში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ მხოლოდ ცოდნას არ შეიძენთ. თქვენ აღმოჩნდებით შესანიშნავ მოგზაურობაში, რომელმაც პირადად მე გამაცნო არა მხოლოდ ახალი შეგრძნებები, არამედ შთამაგონებელი, კრეატიული, მცოდნე ადამიანების საზოგადოება - როგორც ლექტორები, ასევე ჩემი ჯგუფის სხვა წევრები.
მოდის ბიზნესის კურსზე უამრავი ღირებული ინფორმაცია მივიღეთ. გავეცანით და შევისწავლეთ ინფორმაცია მდგრადი მასალების, წარმოების ეთიკური პროცესების, ეკოლოგიურად სუფთა მარკეტინგული სტრატეგიებისა და მოდის გარემოზე ზემოქმედების შემცირების მნიშვნელობის შესახებ, ასევე შევიძინე ცოდნა, როგორ შევქმნა ბრენდის იდენტობა, რომელიც ასახავს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, ეთიკურ წყაროს და მდგრადობის ვალდებულებას.
კურსის დაწყებამდე ველოდი, რომ მივიღებდი იმ ცოდნას, რომელიც მაკლდა და ჩემს პროდუქტზე მუშაობის დასაწყებად მჭირდებოდა. ეს მოლოდინები გამართლდა, რადგან კურსმა მომცა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და წარმოდგენა მდგრადი მოდის მზარდი მოთხოვნილების შესახებ. კურსის განმავლობაში, მე ნელ-ნელა შემეცვალა ხედვა მოდის ინდუსტრიის მიმართ, უფრო მეტად გავაცნობიერე სწრაფი მოდის ნეგატიური გარემო და სოციალური ზემოქმედება. ამ ცნობიერებამ კი, გაამყარა ჩემი ვალდებულება და დამოკიდებულება ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის პოპულარიზაციისკენ.
ამჟამად ვმუშაობ მაგისტრის ხარისხის დაცვაზე - მოდის დიზაინის მიმართულებით, ვამუშავებ 3R (Reduce, reuse, and recycle / შემცირება, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება)-ის პრინციპს . ცოდნა, რომელიც მოდის ბიზნეს კურსზე შევიძინე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა შემიძლია არა მხოლოდ შევქმნა, არამედ პოპულარიზაცია გავუწიო მდგრადი მოდის პრაქტიკას.
(R)