აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ. მასში ნათქვამია, რომ ილჰამ ალიევმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში შეწყდება, თუ სომხური მხარე იარაღს დაყრის. აქვე აღნიშნულია, რომ ალიევმა ბლინკენთან საუბარში დააფიქსირა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები ყარაბაღის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც არის მსხვერპლი.
მანამდე, სატელეფონო საუბარი შედგა ენტონი ბლინკენსა და ნიკოლ ფაშინიანს შორისაც. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საუბრის დროს ითქვა, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტიც.
"მკაცრად ვგმობ აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე. ემანუელ მაკრონის თქმით, შეტევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განახლდეს დისკუსია მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე.
მიმდინარე მოვლენებს ნიუ-იორკში, გაეროს ტრიბუნიდან გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანის თქმით, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და სხვა სტატუსი არ მიიღება.