26 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
სააკაშვილის ფრენები -თავდაცვის უწყებამ იმ დოკუმენტის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ მოგზაურობებს აღწერს

თავდაცვის უწყებამ იმ დოკუმენტის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2010-12 წლებში, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ მოგზაურობებს აღწერს. ირკვევა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, ამ პერიოდში, წელიწადში 100 ფრენა განახორციელა, რაც სახელმწიფოს 14 მილიონი ლარი დაუჯდა. დოკუმენტების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილს მოგზაურობებში თან საკუთარი გარემოცვაც ახლდა, მათ შორის, ერთ-ერთ ასეთ ვოიაჟში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა თინა ბოკუჩავაც. ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ დღეს ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ტრიბუნასთან კი თინა ბოკუჩავამ, სააკაშვილის, ოჯახთან და ახლო გარემოცვასთან ერთად, საკურორტო ზონებში მოგზაურობა არაღიარების პოლიტიკის მიზეზით ახსნა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საბიუჯეტო თანხებს საკუთარი პირადი მიზნებისთვის იყენებდა, რაც მათი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად, საკმარისი საფუძველია.

საბიუჯეტო ხარჯების საკუთარი მიზნებისთვის დახარჯვა მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომლის ერთ ნაწილს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბიუჯეტის პირადი მოგზაურობებისთვის გამოყენება არ უკვირს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სტილი იყო. ”ქართული ოცნების” წევრებმა დღეს ისიც თქვეს, რომ ეს ყველაფერი პატიმარ სააკაშვილისთვის მორიგი ბრალის წარდგენის წინაპირობა უნდა გახდეს.

თავდაცვის სამინისტროს "ჯორჯიან ეარვეისთან" 24 მილიონიანი გასაიდუმლოებული ხელშეკრულება რომ ჰქონდა გაფორმებული, ეს ფაქტი "კურიერთან" რამდენიმე დღის წინ დაადასტურა კომპანიის დირექტორმა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხელ სააკაშვილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და ახლა სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღის ამბები