26 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
დესტაბილიზაციის გეგმა და რევოლუციური სცენარი - ვინ როგორ აფასებს და რა გამოხმაურებები მოჰყვა სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას 

ხელისუფლება ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს შესაბამის პასუხს გასცემს, - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. საუბარია გამოძიებაზე, რომლის დეტალებიც უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა. სპეცსამსახურში თქვეს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დივერსიული ჯგუფების მომზადება მიმდინარეობს, მიზანი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებაა. "ოცნებაში" ოპოზიციის ნაწილის მისწრაფებებზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობის" მხრიდან მსგავსი სურვილები უცხო არ არის.  

სუს-ზე და სახელისუფლებო პარტიაზე მეტი დღეს მოძრაობა "ხალხის ძალამ" თქვა. კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილის უკან, დასავლეთში არსებული კონკრეტული ჯგუფების ინტერესები დგას. მათი მიზანი კი "ოცნების" ხელისუფლების მიმართ, მეორე ფრონტის გახსნაზე უარის გამო, შურისძიებაა.

დესტაბილიზაციის გეგმა დღეს, კამათის საგანი იყო პარლამენტის სასესიო დარბაზშიც. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს სუს-ის არ სჯერა, ნაწილმა კი კოლეგებს ხელისუფლების შესაცვლელად დროული მოქმედებებისკენ მოუწოდა. რასაც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ოპონენტების მიმართ მწვავე კრიტიკა მოყვა. დეპუტატებმა კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის არაჟნების კონტეინერით შემოყვანა და მათი თქმით, არეულობის სხვა სცენარებიც შეახსენეს. 

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის რეალურობას არ გამორიცხავენ გიორგი გახარიას პარტიაში, თუმცა სუს-გან მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ბრალდებების მთავარ ადრესატს - გია ლორთქიფანიძეს ქვეყნის პატრიოტს უწოდებენ და სუს-ს მთავარი პოლიტიკური თემების გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა რომ რევოლუციური სცენარები განიხილება ეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს არ უკვირს. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციისა და მათი ლობისტების მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა ქვეყანამ უკვე იხილა. მმართველი პარტიის ლიდერი სამართალდამცავების მხრიდან რისკების პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს.

სუს-მა გამოძიების ფარგლებში დესტაბილიზაციის გეგმაზე გუშინ ისაუბრა. უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის მხრიდან, ოქტომბერ-დეკემბერში ძალადობრივი რევოლუციისთვის მზადებასა და შეიარაღებული ჯგუფების წვრთნაზე გააკეთა აქცენტი.

 

დღის ამბები