ენისელი, ჭიკაანი, გრემი, საბუე - კახეთში მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები ამ სოფლებში შექმნა. ნახევარსაათიანმა ძლიერმა სეტყვამ, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ერთწლიანი კულტურები და ვენახები. დაზიანებულია სახლები და ავტომობილები. სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.
ყვარლის გარდა, სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებს. დაზიანებულია გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები. სტიქიის ზონაში, მთელი ღამე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ჩატარდა გზების გაწმენდის სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ შესაბამისი პროცედურების შემდეგ, დახმარების გაცემა დაიწყება.
მოსავლის მართვის კომპანიამ უკვე გადაამუშავა 2 კვირის წინ სტიქიის შედეგად დაზიანებული 14 000 ტონა ყურძენი. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ ამ დროისთვის, უკვე მიმდინარეობს გუშინ დასეტყვილი ვენახების აღწერა.
დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო 9 საწარმოა ჩართული. ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში 83 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.