26 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძეს ქართულ ბანკებში ფინანსური ტრანზაქციები შეეზღუდა - რას ითხოვს ოპოზიცია და რას პასუხობენ მათ მმართველ გუნდში

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ სანქცირებული ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ქართულ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის შესაბამისად მიიღო. საფინანსო ინსტიტუტის წერილობითი განმარტების თანახმად, ფარცხალაძეს ფინანსური ტრანზაქციების შესრულების უფლება ჩამოერთვა.

"ნაციონალური მოძრაობა" ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის წევრებმა დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ პარტიას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სანქციების დაწესების შემდეგ, საკითხის მოკვლევა უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო. პაპუაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძეს უკვე 10 წელია ხელისუფლებასთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს.

ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს გავლენები ჯერ კიდევ აქვს და, შესაძლოა, სანქცირებულთა სიაში სხვებიც მოხვდნენ.

მმართველი გუნდი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზებზე უფრო მეტ დეტალს პარტნიორი ქვეყნისგან ელოდება. "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ, რა მტკიცებულებები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ ყველა სტრუქტურა, რომელიც საქართველოში სანქციების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, გამართულად მუშაობს და ამას უცხოელი პარტნიორებიც ადასტურებენ.

ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებაზე ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. პირველი განმარტება ფარცხალაძემ "კურიერთან" ექსკლუზიურად გამოგზავნილ წერილში გააკეთა, სადაც ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია. ფარცხალაძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები მის სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირებას უსაფუძვლოდ ცდილობენ და სიმართლის დასადგენად ის მზადაა მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი და იურიდიული ბერკეტი გამოიყენოს.

დღის ამბები