26 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ევროკავშირის სტრუქტურებმა სასწრაფოდ უნდა გამოასწორონ ის შეცდომა, რაც იქნა დაშვებული, როდესაც არ მისცეს საქართველოს სტატუსი, მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას - ლასლო კოვერი

პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება იყო. შალვა პაპუაშვილმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულებას. ასევე, ითქვა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

“ჩემთვის დიდი პატივია უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ლასლო კოვერის მასპინძლობა და ჩემი კოლეგისთვის ქართული სტუმართმოყვარეობის, ისტორიის, კულტურის გაცნობა. ჩვენი სახელმწიფოები 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს პოლიტიკურ დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს. იმ დროს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის ან ნატო-ს წევრობისკენ, ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოს ასეთი პარტნიორობა და თანადგომა საქართველოსთვის განსაკუთრებით დასაფასებელია. ამ კონტექსტში ჩვენი მიზანია აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობის შევსება, გაძლიერება და გამდიდრება საპარლამენტო მიმართულებით. შეხვედრაზე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა გამოასწოროს ის შეცდომა, რაც დაუშვა და დაუყოვნებლივ მისცეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ლასლო კოვერის თქმით, საქართველო იმსახურებს არამარტო ევროკავშირის წევრობას, არამედ ის უნდა გახდეს ნატოს წევრიც.

„მეორედ ვესტუმრე საქართველოს. პირველად ეს იყო 2011 წელს და ვხედავ უდიდეს პროგრესს ყველა ასპექტით, მათ შორის ეკონომიკის მხრივ. რაც შეეხება თქვენს დაახლოებას ევროკავშირთან, ევროკავშირის სტრუქტურებმა სასწრაფოდ უნდა აღადგინონ დაკარგული დრო და გამოასწორონ ის შეცდომა, რაც იქნა დაშვებული ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როდესაც არ მისცეს საქართველოს სტატუსი, მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას. ყველა გაგებით საქართველო არის ქრისტიანული ევროპის ნაწილი,“ - აცხადებს უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კოვერი.

დღის ამბები