ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში 10-მდე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგათ სოფლებს შილდა, ენისელი, გრემი, საბუე და ალმატი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. განადგურებულია უკვე დასაკრეფად გამზადებული ვენახები, ხეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ძლიერმა სეტყვამ საცხოვრებელი სახლის სახურავები და ავტომობილებიც დააზიანა. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში გვიანობამდე მუშაობდნენ. დაწყებულია ზარალის დათვლა.
ავტორი: მაია გრიგოლია