იმერეთი - კუთხე, რომლის ყველა სოფელი ერთნაირად ლამაზი და ამავდროულად ერთმანეთისგან განსხვავებულია. "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი ქვედა საზანოში იმყოფებოდა.
გულბანდიადის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი ჭალატყეში - აქ მეცხრე საუკუნეში ხის ტაძარი იდგა და სასულიერო ცხოვრებაც მიმდინარეობდა. მეფე გიორგის ბრძანებით კი უკვე ეკლესიის შენება დაიწყო, რომელიც თამარის მეფობის დროს დასრულდა.
მონასტერში დღეს მხოლოდ ერთი სასულიერო პირი ცხოვრობს - არქიმანდრიტი ადამი. აქაურობის მოვლა-პატრონობაში მას ადგილობრივი ახალგაზრდები ეხმარებიან. საუკუნეების განმავლობაში ამ ადგილებში მტრის შემოსევები ხშირი იყო, თუმცა მონასტერს ყველაზე დიდი ზიანი კომუნისტებმა მიაყენეს.
სწორედ ამ პერიოდს შეეწირა უნიკალური ფრესკებიც, რომლების მხოლოდ პატარა ნაშთებია შემორჩენილი. გულბანდიადის მონასტერში ბერებს კელიები მიწის ქვეშაც ჰქონდათ გაკეთებული. მსგავსი რამ საქართველოში იშვიათობა იყო.
საზანო გამოირჩევა თავისი ისტორიული ადგილებით, ნაგებობებით, კულინარიითა და ლამაზი ბუნებით.
ავტორი: გიორგი ქორქია