26 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
10 წელზე მეტია არა აქვს არანაირი შეხება არც სახელმწიფო სტრუქტურებთან, არც საჯარო სამსახურთან, არც პოლიტიკასთან - ირაკლი ქადაგიშვილი ფარცხალაძეზე

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში მოხვედრა პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოთარ ფარცხალაძეს უკვე 10 წელია ხელისუფლებასთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს.

„ძალიან საინტერესოა „ეფ-ეს-ბეს“ მეშვეობით ფარცხალაძის ზეგავლენა ქართულ პოლიტიკაზე. თქვენ სადმე გინახავთ მისი განცხადება, ან მას ტელევიზია გააჩნია? პოლიტიკური პარტია გააჩნია? არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი გააჩნია თუ რამე ამდაგვარი? ეს არის, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის რადიკალიზაციისათვის ჩამოგდებული მუხტი. ხდება ადამიანის დასანქცირება, უბრალოდ რახან საქართველოს მოქალაქეა, გინდა-არ გინდა ამასთან დაკავშირებით გარკვეული რეაგირება უნდა იყოს, რომელსაც 10 წელზე მეტია არა აქვს არანაირი შეხება არც სახელმწიფო სტრუქტურებთან, არც საჯარო სამსახურთან, არც პოლიტიკასთან.

აქედან გამომდინარე ჩნდება ეს ეჭვი, რომ ეს არის სწორედ ამ რადიკალური გლობალური, გარკვეული ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ობიექტური შეფასებებით, პრაქტიკულად, მათ შორის ამერიკელების, ევროკავშირის და ინგლისის, საქართველო არის მკაფიოდ ამ საერთაშორისო სანქციების დაცვის გზაზე,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

“ქართული ოცნება“ ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქციერების შესახებ დეტალური ინფორმაციის აუცილებლობაზეც საუბრობს.

"ჩვენ როგორც ვიცით, ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანია არანაირი კავშირი არ ჰქონია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან. ზოგადად დასანქცირების საკითხი ყოველგვარი საფუძვლის და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ჩვენი ქვეყნის კურსიდან შესაბამისი მოცემულობიდან გამომდინარე პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ჯერ იყო თავის დროზე მოსამართლესთან მიმართებით, რომელიც ასევე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დასანქცირდა შეერთებული შტატების მხრიდან, ახლა ეს ფაქტი, ბუნებრივია უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, რომელიც პირველ რიგში იმ მხარისგან უნდა მოვისმინოთ, ვისი ინიციატივითაც მოხდა ამ სანქცირების გაკეთება,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები