26 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
არსებობს თუ არა უცხო ცივილიზაცია დედამიწის პარალელურად - NASA გამჭირვალე ერას აანონსებს და ანომალურ და ამოუცნობ მოვლენებზე მსჯელობის პროცესი ღია ხდება

ნასა გამჭირვალე ერას აანონსებს. თუ აქამდე მეცნიერები ამოუცნობ ანომალურ ფენომენებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ, ახლა პროცესი ღია ხდება.

ასეთია 36 გვერდიანი კვლევა, რომელიც ნასამ გამოაქვეყნა და რომლის მოკლე შინაარსიც ასე ჟღერს: არ არსებობს უცხო პლანეტელების არსებობის მტკიცებულება, თუმცა არც კონტრარგუმენტი არსებობს.

მეცნიერების ნაწილს მაინც სჯერა, რომ კოსმოსში სხვა ცივილიზაციებიც არის. მაგრამ ეს იმდენად მასშტაბური საკითხია, რომ კვლებში მსოფლიო სამეცნიერო წრეები უნდა ჩაერთონ. ამ ყველაფერთან ერთად ნასა ცდილობს ახალი ტერმინიც დაამკვიდროს და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - ამოუცნობი ანომალიური ფენომენით შეიცვალოს.

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დედამიწას უცხო პლანეტიდან ესტუმრა, თუმცა არც საწინააღმდეგოს მტკიცებულება არსებობს. ამოუცნობ ანომალურ ფენომენზე აქამდე მხოლოდ ასტრონავტები, მეცნიერები ან ის ადამიანები საუბრობდნენ, რომლებსაც კონსპირატორის იარლიყი არ აშინებდათ. ნასა ამას შეცვლის. "სტიგმიდან მეცნიერებამდე" - დაახლოებით ასე ჟღერს ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ცენტრის, იგივე ნასას ახალი მიდგომა, რომელმაც საკითხი სენსაციიდან საქმიან, სამეცნიერო სიბრტყეში უნდა გადაიყვანოს.

ამოუცნობი ანომალური ფენომენის ბუნებისა და წარმომავლობის კვლევაში გამჭვირვალე ერა ნასამ მიმდინარე კვირას დააანონსა, მაშინ, როდესაც მსოფლიო კიდევ ერთ ამოუხსნელ საკითხზე მსჯელობდა მექსიკაში. მეცნიერმა ჯეიმი მაუსანმა პირველად წარუდგინა კონგრესს როგორც თავად ამბობს, უძველესი, არაადამიანური წარმოშობის გვამი.

მეცნიერი ამტკიცებს, რომ ის პერუს ქალაქ კუსკოში, 2017 წელს იქნა ნაპოვნი და კვლევებით 1800 წელს უნდა ითვლიდეს. სამეცნიერო წრეებში ამას დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ. ამიტომ, ნასაში თვლიან, რომ მექსიკის ხელისუფლებამ ეს მასალა მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. თავად მაუსანი ნასას მექსიკაში ეპატიჟება და ამტკიცებს, რომ ნაპოვნი გვამის დეენემი დედამიწაზე არსებულ მილიონობით სახეობას შეადარა. შედეგად კი დაასკვნა, რომ ასეთ სახეობას დედამიწაზე არასოდეს უცხოვრია.

მეცნიერები არც მალავენ, რომ ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევას ოპტიკური ილუზიის ბოროტ ხუმრობასთან, კლიმატურ მოვლენებთან ან სულაც კურიოზთან მიჰყავთ: ასე მოხდა, როდესაც ამოუცნობ სხეულს ბარტ სიმპსონის მფრინავი ბუშტი ან ატმოსფერულ ნარჩენები მიათვალეს. სულ რომ არაფერი, მეცნიერებს საკითხის კვლევა იმიტომ მიაჩნიათ აუცილებლად, რომ საჰაერო და საავიაციო რისკები მაინც დააზღვიონ. ამ საქმეში ხელოვნური ინტელექტიც ჩაერთვება.

სტიგმის დამკვიდრებაში დიდი როლი ჰოლივუდმა ითამაშა. უცხო პლანეტელების შესახებ ცნობილი ფილმები და სერიალები წლების განმავლობაში ავითარებდა ადამიანურ ფანტაზიებს, ამან კი კონსპირაციებს შეუწყო ხელი. უკვე დღეს უცხოპლანეტური სიცოცხლით მსოფლიოში ბევრი ადამიანია დაინტერესებული,ზოგიერთი ზედმეტადაც კი, რაც დასკვნების გაკეთებას უშლის ხელს.

ნასას კითხვებით სავსე განცხადებებმა ბევრს იმედი გაუცრუა, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეგზისტენციალურ კითხვაზე პასუხებს ელოდნენ: მარტონი ვართ სამყაროში თუ არა ან რა უფრო საშიშია ჩვენთვის?

თუმცა, არსებობს საკითხები,რომელზეც არათუ რიგით მოქალაქეებს, ნასასაც კი არ აქვს პასუხი. ამიტომაცაა, რომ საკითხი ღია დებატებისა და სამეცნიერო განხილვების სიბრტყეში გადადის, ახალი, დამაკმაყოფილებელი პასუხების იმედებით.

დღის ამბები