თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატების განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
"ორი არის აზერბაიჯანის მოქალაქე და ორი არის საქართველოს მოქალაქე. მათი პოზიცია არის ასეთი, რომ დღეის მდგომარეობით, ისინი იყენებენ დუმილის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ წარდგენილ ბრალდებებში. გუშინ გადმოგვეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად, ძალიან ბევრი მასალაა, აქედან არის დაახლოებთ 15-მდე დისკი, შესაბამისად, ამის შესწავლას საკმაო დრო სჭირდება და ამ დროს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, შევისწავლით და სტრატეგიას შემდგომში გეტყვით,“ - ამბობს ადვოკატი, ოთარ სუყაშვილი.
უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.